საზოგადოება
საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნას აქვს როგორც პლუსები, ასევე მინუსები, შესაბამისად, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას - თბილისის მერი

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერის კახ კალაძის თქმით, საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნის საკითხს აქვს როგორც მინუსები, ასევე პლუსები. გადაცემა იმედი LIVE-ში საუბრისას მან თქვა, რომ ეს რთული თემაა და ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

"თვითონ ბაზებს რაც შეეხება, მე მაშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხდება ზოგადად, წინასწარი კომუნიკაციის, მთავრობის მოლაპარაკებების შედეგად. ამერიკა, ვიცით ახლა, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დამხმარე, მეგობარი ქვეყანა არის და რაც კი ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მას შემდეგ ჩვენ გვეხმარება, მხარს გვიჭერს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ჩვენთან ერთად, შესაბამისად, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებზე არის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება", — აღნიშნა თბილისის მერმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება, შესაძლოა, პროვოკაციად იქნეს აღქმული. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას "არ ჰგონია", საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული იყოს.

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კახი კალაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პარტიასთან არ უნდა გაიგივდეს, რადგან ის მისი წევრი არ არის.