საქართველოს წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის გადასაწყვეტად აუცილებელ პირობას ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. ყველასათვის გასაგებია, თუ რა გამოწვევებზეა საუბარი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლება. არაერთი მიზეზის გამო ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანამ ეკონომიკის ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპი უზრუნველყოს.
არის ერთი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს ყველა სხვა მაჩვენებელზე სრულად ასახავს. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც მოდის ერთ სულ მოსახლეზე (მშპ/სულზე). მართალია, ეს მაჩვენებელი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სრული მახასიათებელი არ არის (მაგალითად, ანგოლისა და ბულგარეთის მშპ დაახლოებით ტოლია, თუმცა ეს ქვეყნები განვითარების დონით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან), მიუხედავად ამისა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ძირითადად, ამ მაჩვენებლით განისაზღვრება და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვისას ჩვენც ამ მაჩვენებლით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
მსოფლიოს ქვეყნები შეიძლება ოთხ დიდ ჯგუფად დავყოთ იმის მიხედვით, თუ როგორია მათი მშპ/სულზე:
1) უღარიბესი ქვეყნები - მშპ/სულზე ნაკლებია 1,000 დოლარზე;
2) განვითარებადი ქვეყნები - მშპ/სულზე არის 1,000-5,000 დოლარი;
3) საშუალო განვითარების ქვეყნები - მშპ/სულზე არის 5,000-12,000 დოლარი;
4) განვითარებული ქვეყნები - მშპ/სულზე 12,000 დოლარზე მეტია.
ეს კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა, პირობითია, განსაკუთრებით, როცა საქმე რიცხვებს ეხება. მთლიანობაში ის ემთხვევა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციას, თუმცა არის განსხვავება სხვადასხვა ჯგუფების ზღვრულ მაჩვენებლებში. ეს კლასიფიკაცია კარგად ასახავს ქვეყნების ძირითად ჯგუფებს ეკონომიკური განვითარების მიხედვით და მისი საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ბოლო წლებში ასე გამოიყურება: 2009 წელს ეკონომიკური ზრდას ადგილი არ ჰქონია, პირიქით 3,8 %-იანი კლება დაფიქცირდა. ნომინალურმა მშპ-მ 17 986.0 მილიონი ლარი შეადგინა, ერთ სულ მოსახლეზე კი 2455.2 აშშ დოლარი. 2010 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 6,3% შეადგინა, მშპ-მ ნომინალურად 20648.6 მილიონი ლარი, ერთ სულ მოსახლეზე კი - 2641.7 აშშ დოლარი. 2011 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები ამ მიმართულებით ასეთია: ეკონომიკური ზრდა – 4,5%. ნომინალური მშპ 23088.2 მილიონი ლარი, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი - 2924.9 აშშ დოლარი. ცოტაა ეს თუ ბევრი?
ცოტაა. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 117-ე ადგილზე ვართ; დიდი ვერაფერი შედეგია. ცოტათი ჩამოვრჩებით სირიას, მაროკოს, პარაგვაის, კამბოჯას და ცოტათი ვუსწრებთ მოზამბიკას, სომხეთს. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ რამდენიმე ათეულ ღარიბ და უღარიბეს ქვეყანას. უფრო შეძლებულები ვართ, ვიდრე ინდოელები, პაკისტანელები, კამერუნელები და მოლდოველები. სამჯერ ვუსწრებთ გამბიელებსა და ჰაიტელებს, ოთხჯერ – ბირმელებს, ხუთჯერ – ეთიოპიელებსა და ზიმბაბველებს. თუმცა ზიმბაბველებს ყველა უსწრებს. საწყლები! ჩამოვრჩებით 116 ქვეყანას, მაგრამ აქედან დაახლოებით ჩვენს დონეზე ან ცოტათი წინ არიან ნაურუ და გვატემალა, ალჟირი და ჩინეთი, ალბანეთი და ეგვიპტე. ჩვენზე სამჯერ უფრო შეძლებულია ბოტსვანა, მექსიკა, გაბონი და ხუთჯერ შეძლებულია ტრინიდადი და ტობაგო, მალტა და ომანი; შვიდჯერ – ტაივანი, ბაჰამა და იტალია; ათჯერ კაიმანისა და ფარერის კუნძულები, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები. მოკლედ, ბოლოში მივჩანჩალებთ.
ამიტომ მთვარობის ეკონომიკური გუნდის უახლოესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა ის უნდა იყოს, საქართველო საშუალო განვითარების ქვეყნად იქცეს, რისთვისაც საჭიროა 5000-6000–დოლარიან მშპ-ს მივაღწიოთ. ეს არის ეკონომიკური განვითარების ის მინიმალური დონე, საიდანაც შეიძლება საუბარი სოციალურ პროგრამებზე, მეცნიერებისა და განათლების განვითარებაზე. ეკონომიკური განვითარების ამ დონეზე გამოიკვეთება, თუ როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკის როლი და ფუნქციები გლობალურ ეკონომიკაში – რომელი დარგები გახდება წამყვანი. განსაკუთრებით ეს მრეწველობას ეხება.
ეკონომიკური მაჩვენებლებით ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობამ 20-25 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს. ესე იგი საქართველოს მშპ 10-15 მილიარდი დოლარით უნდა გაიზარდოს. ამისთვის საჭიროა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია. ინვესტიცია ეკონომიკისთვის არის იგივე, რაც საწვავი – მანქანისთვის. უიმისოდ ეკონომიკა არ გაიზრდება. საჭირო ინვესტიციების რაოდენობა მიახლოებით შეიძლება შევაფასოთ, თუ ჩავთვლით, რომ დოლარის ინვესტიცია მშპ-ს დოლარით ზრდას იწვევს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიახლოებითი შეფასებაა, მაგრამ რეალობასთან ახლო მდგომი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად უახლოეს წლებში 10-15 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაგვჭირდება. სასურველი ხშირად არ ნიშნავს რეალურს და ამ შემთხვევაშიც ეს ასეა. არც საქართველოს მთავრობას, არც ქართულ ბიზნესს ასეთი რესურსები არ გააჩნია (ეკონომიკის ზრდის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს მხოლოდ უცხოური ინვესტიციები). რეალურად რა პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას უახლოეს წლებში, ამის გასარკვევად მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დაწვრილებით განვიხილოთ. ქართული ეკონომიკის მწვავე პრობლემად კვლავ მზარდი ინფლაცია რჩება და უპრიანი იქნება ეკონომიკური მიმოხილვაც ამ საკითხით დავიწყოთ.
ინფლაცია
2010 წლის დეკემბრისთვის საქართველოში ინფლაციამ 11%-ს გადააჭარბა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ინფლაცია წარმოადგენს 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას და 2011 წლისთვის ინფლაციის შეჩერება და დაბალ ნიშნულამდე დაყვანა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მაგრამ საქართველოში ინფლაციამ ზრდა 2011 წლის იანვარშიც განაგრძო, 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12, 3% შეადგინა. ცხადია, მაღალი ინფლაცია 2011 წლის მთავარი გამოწვევაა და რადგან უახლოეს მომავალში მის შემცირებას არ უნდა ველოდოთ, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს მთავრობისგან იმის მოსმენა, რაც მრავალგზის უკვე მოვისმინეთ: ინფლაციას ე.წ. ეგზოგენური ფაქტორები იწვეს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ნახსენები იყო ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც ავტომატურ რეჟიმში მოჰყვა ფასების ზრდა სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებზე. რიგ შემთხვევებში კი ინფლაცია ახსნილი იქნა, როგორც ნავთობზე ფასების ზრდის თანმდევი და გარდაუვალი პროცესი. სხვა პროდუქტების დასახელებებმაც გაიჟღერა, თუმცა ყველა შემთხვევაში არგუმენტაცია ერთ ხაზს მიჰყვებოდა – ჩვენ მნიშვნელოვანწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, გარკვეულ პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა (სადღაც შორს), შესაბამისად ჩვენთანაც გაძვირდა, შედეგად მივიღეთ მაღალი ინფლაცია. მთავრობა კი არაფერ შუაშია, ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის შესაჩერებლად. ინფლაციის სხვა, ისეთ მიზეზებზე დაბრალება, რომელთაც შეიძლება მხოლოდ დროებითი ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს, ისიც მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქტებზე, საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. ხორბალზე ფასების ზრდამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლიანად იმპორტირებული იქნება, შეიძლება ფასები გაზარდოს მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელთა დასამზადებლადაც გამოიყენება ხორბალი. მაგრამ, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რომ ამან ფასების დონის ზოგადი მატება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომიკურ ასპექტებში ზედმეტ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხორბლისა თუ ნავთობის იმპორტს ახორციელებს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, 2010 წლისთვის ინფლაციამ ევროზონაში შეადგინა 2,2%, ხოლო იაპონიასა და შვეიცარიაში – 0,2%. ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ინფლაციის დონე საქართველოზე დაბალია. თუ მთ