პოლიტიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოში ორკვირიანი ვიზიტის შეჯამებისას, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სსფ-ის ვიზიტი ერთად შეაჯამეს როგორც მისიის ხელმძღვანელმა, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა. მისი განცხადებით, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში დადებითი ტენდენციები გრძელდება, რაც სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას უსვამს ხაზს.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ადეკვატურია და არსებულ ვითარებას შეესაბამება.

მანამდე შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, განათლების და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

დელეგაციის მიერ დადებითად შეფასდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,6 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.