სამართალი
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არ მილაპარაკია, მაგრამ ეს შესაძლებლობა არსებობს - საფრანგეთის შს მინისტრი

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არ მილაპარაკია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა, სავარაუდოდ, არსებობს, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვას – როგორ ახსნით თავშესაფრის მოთხოვნათა ასეთ ზრდას საფრანგეთში? უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეა ლაპარაკი ზოგჯერ. რამ შეიძლება საფრანგეთი აიძულოს, რომ გადახედოს უვიზო მიმოსვლას და როგორია საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ემიგრაციასთან დაკავშირებით?“

კრისტოფ კასტანერის თქმით, ქართულ მხარესთან ამ საკითხებზე თანამშრომლობა მიმდინარეობს.

შეჩერებაზე არ მილაპარაკია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა, სავარაუდოდ, არსებობს. დღეს არის თავშესაფრის მაძიებელთა ძალიან დიდი ზრდა, ასევე ჯანდაცვის სფეროში ძალიან დიდი მოთხოვნაა მომსახურებაზე. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს, რომ თანამშრომლობს ჩვენთან ამ კუთხით და ეს საკითხები ჯერჯერობით არ დგას“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

მისი თქმით, თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის მატება 2017 წლიდან გახდა შესამჩნევი.

„2017 წლიდან ძალიან შესამჩნევი გახდა თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის ზრდა. ერითრეა, სუდანიამ ქვეყნებიდან ძალიან დიდია თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა. ერთგვარად შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც თავშესაფრის მომთხოვნთა ასეთი ნაკადი. ამიტომ როგორიც უნდა იყოს წარმომავლობის ქვეყანა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკე უნდა განიხილებოდეს, როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოიყენოს თავშესაფრის მოთხოვნის პრინციპი“, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

მისი თქმით, ამ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა საქართველოს პარლამენტშიც.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს საკითხი და წვდომა შენგენის სივრცესთან. თუ ამაზე არ ვიმუშავეთ, ხვალ შესაძლოა საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ღრმა თანამშრომლობა ამ საკითხებზე, კონკრეტულად ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობა. ასეთი ორმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერს გახდის ორივე მხარის მუშაობას. ძალიან დიდი ზრდა გვაქვს დღესდღეობით დანაშაულის თვალსაზრისით“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.