საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. პოლიციამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება ტარდებოდა, სამი ადამიანი დააკავა, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი დაკავებული „უკვდავი პოლკის" აქციის მონაწილე 50 წლის მამაკაცია, რომელსაც ხელში საბჭოთა დროშა ეკავა. დაკავების მიზეზი გახდა მისი მხრიდან „თავისუფლების ქარტიის" კანონის დარღვევა, რომელიც კრძალავს კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ნივთების და პროპაგანდის საშუალებების გამოყენებას.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს - 35 და 61 წლის მამაკაცებს, ისინი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კონტრაქციის მონაწილეები არიან. მათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.
ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საზოგადოებას, 9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებზე არ გამოიყენონ საბჭოთა სიმბოლიკა და კანონის ფარგლებში იმოქმედონ.