საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში „ლიდერების დიალოგი – აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი”.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა მიმოიხილეს და შეაფასეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ინიციატივის წარმატების გასაღებად კონფერენციაზე ორი პრინციპი დასახელდა – ინკლუზიურობა და დიფერენციაცია.
აღინიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ძალიან ბევრი სარგებელი ნახა ამ ინიციატივისგან და ამ საქმეში პოლონეთის ღვაწლი და დამსახურება ძალიან დიდია. პოლონეთი, შვედეთთან ერთად, სწორედ ამ ინიციატივის დამფუძნებელი ქვეყანაა და 7 მაისს სიმბოლურად დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს.
როგორც კონფერენციის შესახებ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში მიიღო საქართველომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და გაწევრიანდა ევროპის ენერგოკავშირში, რაც, მისი თქმით, თავისთავად დიდი მიღწევებია.
პრეზიდენტებმა დისკუსიის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავების სტრატეგიით დაინტერესდნენ.