პოლიტიკა
სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც, უწყების ცნობით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის საუბარი ისმის, სატელეფონო ჩანაწერი არ არის. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს.

გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა და ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა“, – აცხადებენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.