აქტუალური
საქართველოს სუს-ი ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერაქტის მომზადებას ავალებს (აუდიო)

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომლითაც, როგორც სუს-ში აცხადებენ, დასტურდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ორგანიზება (აუდიოჩანაწერი მოისმინეთ აქ).

სუს-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში საუბრობენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა განცხადება, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზეიოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და აგრეთვე გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, – აცხადებენ სუს-ში.