საზოგადოება
ლალისყურის მოსახლეობა სოფელში სკოლის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებს

lalisyuriთელავის რაიონის სოფელ ლალისყურის მოსახლეობა სოფელში არასრული საჯარო სკოლის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ლალისყურის სკოლა სოფლის ყოფილი საბჭოს შენობაშია განთავსებული, რომელიც მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით იყიდა. „სკოლას შენობა ჰქონდა, მაგრამ თელავის რაიონის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა ის კერძო პირზე გაყიდა, მერე სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფელს უკანვე შეგვასყიდა და ახლა საერთოდ სკოლის გარეშე გვტოვებენ. მოსწავლეებს ფშაველის სკოლაში გადაიყვანენ, რაც პრობლემებს შექმნის. სკოლა შორს არის, ბავშვები ვერ ივლიან და სოფლიდან წასვლა მოგვიწევს“, – აღნიშნა სოფლის მოსახლეობამ. მცხოვრებთა თქმით, სოფელში არც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ლალისყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ უშანგი ნადუკაიძის თქმით, სოფელში სკოლა სექტემბრიდან დაიხურება. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, გამგეობა მის გახსნას არ გეგმავს. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლალისყურის მცხოვრებთა ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.