პოლიტიკა
"ტელევიზიები თავისუფლად გამოხატავენ აზრს, იმაზე მეტად თავისუფლადაც კი, როგორიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა" - კაკულია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას გამორიცხავს

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურებიან. მმართველ გუნდში არ იზიარებენ კომპანიის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის შეფასებას, რომ ნინო ნიჟარაძის უკან, რომელიც კომპანიასთან დავას გეგმავს, ხელისუფლება დგას.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში მედიაზე ზეწოლა არ ხდება და განსაკუთრებით ზეწოლა არ იგრძნობა „რუსთავი 2“-ის მიმართ.

დეპუტატის თქმით, დღეს ქვეყანაში მედია თავისუფალია.

ვერ გეტყვით, რა ვიცი,რუსთავი 2“-ზე ზეწოლა იგრძნობა? თქვენი ეთერიდან მე მაგას ვერ ვგრძნობ და ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და პირველი ვიქნები იმ ადამიანთა შორის, ვინც მაქსიმალურად გააპროტესტებს, თუკი რაიმე აკრძალული ხდება, ტელევიზიაზე ზეწოლა. ჩვენ რაც გვაქვს, ეს გვაქვს, ტელევიზიები თავისუფლად გამოხატავენ, იმაზე მეტად თავისუფლადაც კი, როგორც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა, -აცხადებს რომან კაკულია.

„რუსთავი 2”-ზე ხელისუფლების მორიგი თავდასხმა დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. ლაპარაკია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.