საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრებმა: ირაკლი ბერაიამ, კობა კობალაძემ, გია ბენაშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გიორგი ლომიამ საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთზე არსებული გადასასვლელები და საგუშაგო პუნქტები დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. დეპუტატებმა ენგურის ხიდი, სოფლები – ორსანტია, ხურჩა, საბერიო, დარჩელი მოინახულეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
„ადგილზე გავეცანით სიტუაციას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პირობებს, შესაძლებლობებს, აღჭურვილობას და მათ უსაფრთხოებას. ე.წ. სასაზღვრო პუნქტები, რომლებიც დღეს მოვინახულეთ, დროებითია. ცივილიზაციას და ბუნებრივ წესრიგს ვერ გაექცევა ვერანაირი იმპერიალიზმი და მათ შორის, ვერც რუსეთი. ჩვენ და აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქე მოსახლეობას ყველაფერი საერთო გვაქვს – მიწა, გეოგრაფია, სამშობლო, ურთიერთობები, ტრადიციები. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ოკუპაცია ყველას შეგვეხო, რადგან რუსეთს თავისი ვიწრო ინტერესი აქვს, რომელიც იმპერიალისტურ ძალას ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სოფელ ხურჩაში არსებულ გადასასვლელთან დეპუტატებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილი მოინახულეს.
„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელმა საკუთარ თავზე გამოცადოს ქართული მართლმსაჯულების ძალა და სიმკაცრე. ასევე ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დადგინდეს ჩვენი თანამოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გარემოებები“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ.
რაც შეეხება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას, დეპუტატის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების მონახულება და შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება.