პოლიტიკა
აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდებას ზრდის

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა დაიწყო ელექტროენერგიის ექსპორტი საბერძნეთში საქართველოსა და თურქეთის გავლით, აგრეთვე რუმინეთსა და უნგრეთში - საქართველოს, თურქეთის და ბულგარეთის გავლით, აუწყეს Sputnik აზერბაიჯანს ენერგეტიკულ უწყებაში Azərenerji. მიწოდება ხორციელდება საბერძნეთში ჩატარებულ აუქციონში Azərenerji-ს წარმატებით მონაწილეობის ფარგლებში.

საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით კომპანია ელექტროენერგეტიკულ სფეროში დაკარგული სიმძლავრის აღდგენის ღონისძიებებს ატარებს ენერგეტიკული სისტემის რეაბილიტაციისა და უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში. 2018 წლის შედეგებით, Azərenerji-მ 22,52 მილიარდი კვტ/სთ აწარმოა, რაც 2017 წელთან შედარებით 3,4%-ით მეტია.

საქართველოს ელექტრობაზრის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, 2018 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1,2 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.