აქტუალური
ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის როლი საქართველოს უსაფრთხოების დაცვის და სუს-ის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებებთან მუდმივი კოორდინაცია, ასევე პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც წლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, სამსახურის ინიციატივით ხელი მოეწერა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებებს სამ ქვეყანასთან.

საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით აღსანიშნავია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს შეერთებული შტატების როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და სამსახურის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ინიციატივით, ხელი მოეწერა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებებს სამ ქვეყანასთან (ალბანეთი, იტალია, მოლდოვა)“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, დღეისათვის ორმხრივი შეთანხმებები გაფორმებულია 23 სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან.

აღნიშნული მიმართულებით გრძელდება აქტიური კონსულტაციები სხვა პარტნიორებთანაც. ასევე, ინტენსიურად ვთანამშრომლობდით საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ატაშეებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. გასულ წელს საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს წინაშე მდგარი საფრთხეები სამსახურის მხრიდან მუდმივ რეაგირებასა და შესაბამის ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი, მომავალშიც გააგრძელებს მასზე დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებას. კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.