საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ბოლო წლებში გახშირდა პუბლიკაციები, რომლებიც ნათელ ფერებში აღწერენ, რა უსაფრთხო და სტუმართმოყვარე გახდა პანკისის ხეობა, თუ როგორი კეთილი და დახმარებისთვის მუდამ მზად მყოფი ადამიანები ცხოვრობენ აქ და საკუთარ გესტჰაუსებსა და საკემპინგო ადგილებზე ელიან ფულიან ტურისტებს. ყველაფერი ეს რომ სასაცილო სიყალბეა, დამტკიცდა ამა წლის ბზობის კვირას, როდესაც „მშვიდობისმოყვარე“ და „ტურისტული“ რეგიონი სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა.
არადა, გესტჰაუსების მფლობელები ყვებოდნენ, რაოდენ მშვიდი გახდა მათი ხეობა, თუმცა მორიდებით იმასაც დასძენდნენ ხოლმე, რომ ჩამოსულმა ტურისტმა დაუსახლებელ ადგილებში, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებთან ურთიერთობისას, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა გადაურჩეს ცემასა და ძარცვას.
მცირერიცხოვანი ექსტრემალი ტურისტები აღწერენ მწირ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს. განსაკუთრებით აღფრთოვანებულნი არიან, რომ „წვეროსანმა მამაკაცმა ნება დაგვრთო, გადაგვეღო ვაჰაბიტების მეჩეთი“. არავის აფიქრებს ფაქტი, რომ არსად ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს აუცილებლობა, ვინმეს ჰკითხო ნებართვა მეჩეთის ან ეკლესიის გადაღების გამო.
დარწმუნებული ვარ, ამ ტურისტებს საერთოდ არ გაუჩნდებოდათ სურვილი, გასაუბრებოდნენ „თავაზიან წვეროსანს“, რომ სცოდნოდათ, რომ იგი სულ რაღაც ნახევარი წლის წინ სირიის უდაბნოში შეიარაღებულ ფანატიკოსთა ბრბოსთან ერთად სხვა სარწმუნოების უიარაღო ადამიანებს დასდევდა. პანკისის ხეობაში ასეთი „გმირები“ მრავლად მოიპოვებიან. ზოგი მათგანი ცდილობს, არ მიიქციოს ყურადღება. ისინი წვეულებებსა და გასვენებებზეც კი არ უერთდებიან შეკრებილ ხალხს.
სხვები, პირიქით, სულ ჩანან. ხდებიან წარმატებული ბიზნესმენები, როგორც, მაგალითად, ძმები ფარეულიძეები, რომლებიც ერთდროულად ორთოდოქსი ვაჰაბიტები და უხვშემოსავლიანი ბიზნესმენები არიან.
ამჟამად პანკისში სათემო ძალაუფლების მორიგი ცვლილება იკვეთება. ხელისუფლების მხარდაჭერით შექმნილმა უხუცესთა საბჭომ მთლიანად დაკარგა ისედაც მწირი გავლენის ბერკეტები 1980-იან წლებში დაბადებულთა სასარგებლოდ, რაც მთის ხალხისთვის ზოგადად არ არის დამახასიათებელი.
ამ თაობის ღირსშესანიშნავი წარმომადგენელია 33 წლის ასჰაბ იდრისეს ძე ფარეულიძე, რომელმაც სასულიერო განათლება საუდის არაბეთში მიიღო. 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისში მან პანკისის „ჯამაათის“ „ამირას“ წოდება მიიღო. იგი პასუხისმგებელია ე. წ. „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ახალი ბოევიკების მოზიდვასა და დაქირავებაზე. მან 2018 წლის ზაფხულში შეძლო რეკრუტთა პირველი პარტიის გაგზავნა სირიაში. მათ შორის გახლდათ 23 წლის ყოფილი სამხედრო (საქართველოს შეიარაღებული ძალების 2014-15 წ.წ. გაწვევის) ისა იუსუფის ძე ხანგოშვილი.
ასჰაბ ფარეულიძის წინამორბედი, მისი გვარის წარმომადგენელი ალი ფარეულიძე, სირიაში 38 წლის ასაკში მოხვდა - როგორც მეზობელი სოფლების მცხოვრებნი ჰყვებიან, დანაშაულის გამოსყიდვის გამო. მისი დანაშაული მდგომარეობდა იმაში, რომ სირიიდან „პანკისის ჯამაათისთვის“ წამოსულ თანხებს იტაცებდა, სავსებით ბანალურად. ჩვენი სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა აღნიშნეს კიდეც, რომ ალი ფარეულიძემ ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ახალწვეულთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია.
პანკისის ხეობაზე თვალის ზერელედ გადავლებაც საკმარისია, მივხვდეთ, რომ აქაური ცხოვრება ძალიან დაშორებულია იდილიური სურათისგან, როგორც ამას ტურისტული სააგენტოები ხატავენ უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად. სამწუხაროდ, ამ რეგიონის სამასიოდე ახალგაზრდა მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის ტერორისტულ ორგანიზაციებში და მათ აქვთ პარტიზანული ომის წარმოების გამოცდილება. მათი ნაწილი დღემდე იბრძვის - უკვე არა მხოლოდ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, უკრაინასა და ავღანეთში.
მათ დავუმატოთ კიდევ უფრო ბევრად აღმატებული რაოდენობა პოტენციურად დამნაშავე ელემენტებისა, რომელთაც გაისისხლხორცეს რადიკალური შეხედულებები, რომლებიც ქედმაღლურად უყურებენ როგორც ქრისტიანებს, ისე ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებს (და ქვეყნიდან საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვერ მოახერხეს გასვლა მიზეზთა გამო ან ჯერ კიდევ მოზარდი ასაკისანი არიან), მაშინ უფრო იოლი გასაგები ხდება, რაოდენ სერიოზულია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მათგან მომდინარე საფრთხე. ვაჰაბიზაციის გზით შუა საუკუნეებში გადატყორცნილი ქისტების რეინტეგრაციის პერსპექტივა კი, უახლოეს პერსპექტივაში, სამწუხაროდ, არ ჩანს შესაძლებელი.
პრობლემა უნდა გადაწყდეს კომპლექსური მიდგომით, როდესაც მკაცრ საპოლიციო და საკანონმდებლო ღონისძიებებთან ერთად გადაიდგმება თანმიმდევრული ჰუმანიტარული ნაბიჯები. აუცილებელია, ეგრეთ წოდებულ „ამირებს“ მაქსიმალურად შეეზღუდოთ გავლენა, „ამირას“ წოდება ისევე უნდა ისჯებოდეს, როგორც „კანონიერი ქურდის“ წოდება. აუცილებელია, მრაკობესობის გამოვლინების ნებისმიერი მაგალითი აღიკვეთოს, ისევე, როგორც, დაუშვებლად გამოცხადდეს სხვისთვის საკუთარი ცხოვრების წესის მოხვევის ნებისმიერი მცდელობა. ყოველივე ამას თან უნდა ახლდეს სასულიერო პირებთან მუშაობა, მოგვარდეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გამოჩნდეს დასაქმების რეალური შესაძლებლობა და ა. შ. პროცესი გრძელვადიანია, მაგრამ მისი დაწყება ჯერ კიდევ გუშინ უნდა მომხდარიყო...
თემაზე ასევე წაიკითხეთ:
ბოლოს და ბოლოს, შევებრძოლებით თუ არა ვაჰაბიტურ ექსტრემიზმს?!