საზოგადოება
გიორგი გახარია: პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეფექტიანი პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესებში

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის წინაშე ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარდგა. გახარიამ გამოსვლის პირველი ნაწილი ქვეყანაში პოლიციის საქმიანობის კუთხით არსებულ სიტუაციას დაუთმო.

რამდენიმე სიტყვით მინდა, მოგმართოთ თითოეული პოლიციელის სახელით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის სახელით, იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აღელვებთ. მოგეხსენებათ რომ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი და საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ მხარეებს აქვთ მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია, როგორც ასეთი, გახადონ მხარე. მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი და რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური - ეს ერთი. მეორე - ჩვენთვის და თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ, პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ სისტემური ხასიათი მიიღო და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მომავლის ინტერესებში. მესამე კომპონენტი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, სანამ გამოსვლის ძირითად ნაწილზე გადავალ - გარკვეული მცდელობები, შეზღუდონ პოლიციის არეალი, ქმედებები, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები და კიდევ სხვადასხვა სახის მცნებები - კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად. ასევე, ხაზგასმით მინდა, ბოლო საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებში, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი - უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს მოქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ადამიანთა ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა. ეს არის და ეს, და, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.