სამართალი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგან „დეპორტირებულთა საქმის“ უახლოეს სხდომაზე განხილვა მოითხოვა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგან დეპორტირებულების საქმის უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, „დეპორტირებულების საქმეზე“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით (რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო), რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

სამინისტროს ცნობით, ეს თანხა განაწილდება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ სამთვიან ვადაში (2019 წლის პირველ მაისამდე) რუსეთმა არ გადაიხადა დაკისრებული თანხა, იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან მყისიერად მოითხოვა საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატების გამართვა. ასევე, მინისტრთა კომიტეტს ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისგან ოფიციალური განმარტების მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიღება.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, - აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.