პოლიტიკა
„ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არჩევნების ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით ჩატარების თაობაზე კონკრეტული გეგმა უნდა მოემზადებინა, თუმცა ოპოზიციისთვის პროექტი დღემდე უცნობია.
ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება პროცესს განგებ აჭიანურებს და ისეთი მოდელის შემოღებას ცდილობს, რომელიც საბოლოოდ არჩევნების დონეს გააუარესებს.„ბიომეტრიული პირადობის მოწმობების ეტაპობრივი დისტრიბუცია გამოიწვევს იმას, რომ 2012 წლის არჩევნების დროს შესაძლოა, მოქალაქეებს ორ-ორი პირადობის მოწმობები ჰქონდეთ, რაც საარჩევნო უბნებზე ქაოსს შექმნის“, – დასძინა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია თანახმაა, ბიომეტრიული მონაცემებით საარჩევნო სიის შედგენა პილოტური პროგრამის სახით განხორციელდეს, მაგრამ – მხოლოდ თბილისში და, თანაც, იმ შემთხვევაში, თუკი ამას დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ.