საზოგადოება
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ჟენევის მოლაპარაკებები უნდა დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებები უნდა დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ძალიან ბევრ საკითხზე პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება. თუ ეს იქნება გამართლებული, შედეგიანი, ვერავინ გადაუდგება წინ, რომ ასეთი მოსაზრებები გააჟღეროს.

მაგალითად, მე არაერთხელ წამოვწიე საკითხი ჟენევის ფორმატის ამაღლების და პოლიტიკის წონის დაბრუნების ჟენევის ფორმატისთვის. ვინმე თუ დამიმტკიცებს, რომ არის, მაშინ უკან წავიღებ ჩემს წინადადებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები იყო ბევრად მაღალი ფორმატი იგივე შემადგენლობით.

როცა ვსაუბრობ იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი უნდა დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს, ის იყო ბევრად მაღალი ფორმატი იგივე შემადგენლობით. რუსეთს არ ველაპარაკები ამ შემთხვევაში. ეს არის უფრო გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართულებით, რადგან არ შეიძლება პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენ შევეგუეთ იმ მდგომარეობას, რომ ჟენევის ფორმატი თამაშობს რაღაც ფორმალურ როლს, რომ დროდადრო იკრიბება, იქ რაღაც ტექნიკური საკითხები იხილება და ამით მთავრდება.

უნდა იგრძნოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა, რომ ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი. ეს არის გზავნილი. ეს არა მხოლოდ ჟენევის ფორმატს ეხება, არამედ ორმხრივ ფორმატებსაც. თუ თვლი თავს, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უნდა დააყენო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყოველივე ორმხრივ ფორმატში. როცა რუსეთთან გაქვს საუბარი, გაუხსენო რუსეთს ის, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს, რომ ეს არის დარღვევა საერთაშორისო პრინციპების.

რეალურად, ამას როცა სთხოვ, უკვე მესამე შემთხვევაა, როცა საქართველოს პარტნიორები რუსეთთან ურთიერთობაში ახსენებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ან უნდა დავავიწყოთ, ამაში არის საქმე. რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ამით ვითარებას ვერ შევცვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ დავიწყების უფლება არა გვაქვს და არ უნდა დავავიწყებინოთ ჩვენს მეგობრებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.