საზოგადოება
სსფ-ის მონაცემებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ვადაგადაცილებული და უიმედო სესხების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოშია

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მონაცემებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ვადაგადაცილებული და უიმედო სესხების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოშია.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პრობლემური სესხების წილი საქართველოში დაახლოებით 12%-ს შეადგენს, უიმედო (non-performing loans) სესხების კი – დაახლოებით 2,5%-ის ფარგლებშია. ორივე მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2018 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან შედარებით. მაშინ, სავალუტო ფონდის მონაცემებით, პრობლემური სესხების წილი 15 პროცენტს აჭარბებდა, უიმედო სესხები კი 5 პროცენტის ფარგლებში იყო.

სავალუტო ფონდის ინფორმაციითვე, 2015-2018 წლებში კერძო სექტორის დაკრედიტება საქართველოში დაახლოებით 15 პროცენტით გაიზარდა, რაც რეგიონში ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.