ლიბიის ქალაქ მისურატაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა გაქცევა მოახერხეს. „ლიბიიდან გემით გამოვიპარეთ. მალტას ვუახლოვდებით. ყველანი კარგად ვართ“, – ამ შინაარის მოკლე ტექსტური შეტყობინება გემის კაპიტნის მეუღლემ ქმრისგან წუხელ გვიან ღამით მიიღო.
გემზე საკომუნიკაციო სისტემები მოშლილია, თუმცა, მეზღვაურებმა პორტიდან გემის გამოყვანა დაა მთვარესა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით მართვა მოახერხეს. გემი მალტაში დღეს, 10 მარტს, უნდა შევიდეს.ლიბიაში ექვსი ქართველი მეზღვაური თითქმის 10 თვის განმავლობაში იყო დაკავებული. საქართველოს დროშით მცურავი „ვასილიოს ენი“ 10 თვის წინათ თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან გავიდა და გეზი ლიბიისკენ აიღო.
სამშენებლო მასალით დატვირთულ გემს ტვირთის მფლობელი ლიბიის ქალაქ მისურატაში ელოდებოდა. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. ტვირთმფლობელსა და გემთმფლობელს შორის დავა დღემდე გრძელდება. თავად გემი კი დაკავებული იყო.