უცხოეთი
„პერსეუს სთრათეჯის“ ანგარიში - რუსეთში პოლიტპატიმრების სიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული პირებიც მოხვდნენ

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. რუსეთში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული პირები მოხვდნენ. ინფორმაციას ვაშინგტონში დაფუძნებული იურიდიული კომპანია „პერსეუს სთრათეჯის“ ავრცელებს, რომლის ანგარიშის მიხედვითაც, რუსეთში 230-ზე მეტი პოლიტპატიმარია.

ერთ-ერთი მათგანი არის პეტრ პარპულოვი, რომელსაც 2016 წელს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის საქართველოს მთავრობისთვის გამხელაში დაადანაშაულეს.

„თუმცა, ინფორმაცია, რომლის გავრცელებაში სდებენ ბრალს პარპულოვს, საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი. ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე იყო განთავსებული. პარპულოვის დაკავების რეალური მიზანი იყო „მტრების მიერ ალყაში მოქცეული რუსეთის იმიჯის წარმოჩენა“, – ნათქვამია „პერსეუს სთრათეჯის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოხვდნენ ის პირები, რომლებმაც, მოსკოვის მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ესენი არიან: მარინა ჯანჯღავა, ანიკ კესიანი და ოკსანა სევასტიდი. მათ ბრალი ასევე სამშობლოს ღალატში წაუყენეს. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ქალებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქალაქ სოჭთან რუსული სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა. ჯანჯღავას, კესიანს და სევასტიდის შესაბამისად 12, 8 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

„რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ სამივე ქალი პოლიტპატიმრად აღიარა და ისინი 2017 წელს პუტინმა „ჰუმანიტარული მიზეზებით“ შეიწყალა“, – ნათქვამია „პერსეუს სთრათეჯის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.

როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, ანალოგიური ბრალდებით დააპატიმრეს ინგა თუთისანი, თუმცა ის პუტინს არ შეუწყალებია, მან საპყრობილე რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა, რომელმაც მას პატიმრობის ვადა შეუმცირა.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ეკატერინე ხარებავა, რომელსაც 2014 წელს რუსეთში ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. გამოძიების მიხედვით, მან 2008 წელს მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და რუსული ტექნიკის საქართველოს მიმართულებით გადაადგილების შესახებ შეატყობინა. ხარებავა 2013 წელს დააკავეს. 2017 წლის მარტში კი პუტინმა ის შეიწყალა.

1tv.ge