აქტუალური
უკანონო მიწების ლეგალიზაცია 1 აპრილიდან დაიწყება

mitsa„ქონების ლეგალიზების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმად, თბილისში 2007 წლის 1 იანვრამდე კანონდარღვევით შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწების ლეგალიზაცია იწყება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის – ლაშა თორდიას, განმარტებით, პირებს, რომლებსაც 2007 წლის 1 იანვრამდე კანონდარღვევით შედგენილი დოკუმენტებით (მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) აქვთ შეძენილი დედაქალაქში სასოფლო-სამეურნეო მიწები, შეუძლიათ მათი ლეგალიზება.

ლეგალიზაციის პროცესს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს, თუმცა მოქალაქეებს კანონდარღვევით შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრში 15 ლარის გადახდა მოუწევთ.

პირებზე, ვინც ლეგალიზაციას მოახდენს, სისხლისსამართლებრივი დევნა აღარ დაიწყება, ხოლო თუ დაწყებულია, ასეთ შემთხვევაში, დევნა შეწყდება.

აღნიშნული კანონი პილოტური წესით პირველ ეტაპზე დედაქალაქში 2011 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, ხოლო 2013 წლის 1 იანვრამდე იუსტიციის სამინისტროს დაევალება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, კანონის ამოქმედება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც უზრუნველყოს.