სამართალი
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოს იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი მიკოლა გნატოვსკი საქართველოს იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიკოლა გნატოვსკიმ კომიტეტის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ 28-ე ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიაში ისაუბრა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების პოლიციის დაწესებულებებში განთავსების ცენტრალიზებულ სისტემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად გნატოვსკიმ განაცხადა, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ძალზედ იშვიათად ხდება ცალკეული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, თუმცა 2018 წლის ანგარიშში ხაზგასმით არის ნახსენები საქართველო, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ამ მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაკავებულთათვის არსებობს განთავსების სპეციალური ადგილები (დროებითი მოთავსების იზოლატორები). დადებითად შესაფასებელია, რომ იზოლატორებში დაკავებულთათვის ჰყავთ სპეციალიზებული ოფიცრები, ნეიტრალური პირები, რომელთა არსებობა მნიშვნელოვანია დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ობიექტურად გამოვლენისთვის, ასევე დაკავებულთათვის კანონით გარანტირებული უფლებების დაცულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მარტივად აქვთ წვდომა ექიმებზე და ყველა დაკავებული გადის სამედიცინო შემოწმებას”, – განაცხადა მიკოლა გნატოვსკიმ.