პოლიტიკა
სანქციები საქართველოს წინააღმდეგ - აშშ-ის კონგრესი კანონპროექტს განიხილავს

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი საქართველოს მთავრობისა და მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ტექსტის თანახმად, სანქციები უნდა დაწესდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ ამერიკელებს შეეზღუდებათ საქმიანობა საქართველოში, უგულებელყოფილი იქნება მათ წინაშე აღებული ვალდებულებები და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკვეინ მალინის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს არაერთი სახის სანქციას როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთავრობის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხილებული იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენების შევიწროებაში.

სანქციები საქართველოს მთავრობისთვის:

აშშ-ის მთავრობის არცერთი სტრუქტურა საქართველოს მთავრობისთვის არ გამოყოფს სესხს. არ იქნება საკრედიტო გარანტიები, დაზღვევა, ფინანსური დახმარება. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი, სასოფლო-სამეურნეო ანდა სამედიცინო პროდუქცია;

აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოსთვის არ იქნება ხელმისაწვდომი სახსრები სააგენტოს საქმიანობისთვის საქართველოში ან საქართველოსთვის.

სანქციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის:

ქონების დაყადაღება - ლაპარაკია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე ანდა ქონებაზე, რომელსაც მართავს ან აკონტროლებს ამერიკის მოქალაქე;

ვიზების არგაცემა ანდა არსებული ვიზების ანულირება - ლაპარაკია აშშ-ში შესვლისთვის საჭირო ვიზებზე (ანდა სხვა დოკუმენტებზე);

საჯარიმო სანქციები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს კანონპროექტი კანონის ძალას ვერ შეიძენს, მაგრამ, მათი თქმით, ამ შინაარსის დოკუმენტის ამერიკის კონგრესში ინიციირება ძალიან სახიფათო და საფრთხილო სიგნალია საქართველოსთვის.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კანონპროექტის ინიციირება TBC ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ დაძაბულობას უკავშირდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, „საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია“ და ის, ვინც საქართველოს მტრობს, ამერიკაშიც არასწორ ინფორმაციას აგზავნის.