საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა 1915 წელს სომეხთა მკვლელობა „დიდ დანაშაულად“ (Meds Yeghern) მოიხსენია. ეს ტერმინი გამოყენებულია განცხადებაში, რომელიც თეთრის სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ტერმინი „დიდი დანაშაული“ აშშ-ის პრეზიდენტებიდან პირველმა ბარაკ ობამამ გამოიყენა.
„ჩვენ ვიხსენებთ „დიდ დანაშაულს“ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც მე-20 საუკუნის ამ ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სისხლისღვრას შეეწირნენ. ხსოვნის ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ სომეხ თემს დაღუპული ადამიანების გლოვაში”, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება თურქებისა და სომხების მცდელობას, აღიარონ და გაუმკლავდნენ მტკივნეულ წარსულს.
სომხეთი აცხადებს, რომ 1915-1917 წლებში 1,5 მილიონი ადამიანი მოკლეს. თურქეთი ასობით ათასი სომეხის მოკვლას აღიარებს, თუმცა ამ ფაქტისთვის გენოციდის კვალიფიკაციის მინიჭებას არ ეთანხმება.