პუბლიკაციები
პანკისში მომხდარი დაპირისპირების რეალური მიზეზი, შესაძლოა, "ქართული ოცნების" კლანებს შორის კონფლიქტი იყოს

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. პანკისში მომხდარი დაპირისპირების რეალური მიზეზი, შესაძლოა, "ქართული ოცნების" კლანებს შორის კონფლიქტი იყოს. პრესა უკვე აქტიურად წერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის არსებულ ბრძოლაზე. სამიზნე ამ კონფლიქტში გიორგი გახარიაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ძველი და სანდო კადრები, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდებიან.

ინტერნეტტელევიზია „აიტივის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ სუს-ი და შინაგან საქმეთა სამინისტრო რესურსებს ძირითადად ერთმანეთთან ომზე ხარჯავენ, რაც პანკისის სპეცოპერაციამაც გამოაჩინა.

უკვე რამდენიმე დღეა, "ოცნების" ელიტაში მწვავე დაპირისპირებაზე ლაპარაკობს ქრონიკა +“- ის ხელმძღვანელიც. ელისო კილაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს სუს-ი და ღარიბაშვილის მეთაურობით ე.წ. კახელების კლანი ერთად ებრძვის. მისი თქმით, პანკისის სპეცოპერაცია გახარია-ღარიბაშვილის წლების განმავლობაში არსებული დაპირისპირების გაგრძელება და გახარიასთვის სამაგიეროს გადახდის მცდელობა იყო.

ეჭვები "ოცნების" შიდა დაპირისპირებაზე სუს-ის უფროსის მოადგილის განცხადებამ კიდევ უფრო გაამყარა. სპეცოპერაციიდან მეორე დღეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანაზე პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა.

პანკისის სპეცოპერაცია და ძალოვანი უწყების მოქმედებები რომ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს, ამაზე განცხადება ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმაც გააკეთა. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა გახარიას ყველა ებრძვის და "ოცნების" სხვადასხვა დაჯგუფებებისთვის ერთნაირად მიუღებელი ფიგურაა.

ებრძვიან თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრს მისივე თანაგუნდელები და შეიყვანეს თუ არა შეცდომაში გიორგი გახარია პანკისის სპეცოპერაციის დროს, ამაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთება მინისტრის მოადგილემ არ ისურვა.

რა მოხდა პანკისში 3 დღის წინ, ამის გარკვევას ოპოზიცია მაისის დასაწყისში შეეცდება. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მაისის პირველ კვირაში პარლამენტში სამინისტროს მუშაობის ანგარიშს წარადგენს.