საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. „უკრაინელად“ თავგამოცხადებული სააკაშვილის მეუღლემ - სანდრა რულოვსმა, რომელიც საქართველოს ბნელი აზიატებით დასახლებულ ჩამორჩენილ პროვინციად მოიხსენიებდა, უეცრად თავი ზუგდიდის მკვიდრად გამოაცხადა, რომლის მერად გახდომასაც იმედოვნებს! პოლიტიკური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ქალების უფლებების დაცვით მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. სანდრა რულოვსმა მათგან ის გამოწვევები და პრობლემები მოისმინა, რომლებიც ქალებს ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში აქვთ.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავარ პრობლემად კვლავ ოჯახში ძალადობა რჩება. ასევე გამოწვევებია რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებითაც. სანდრა რულოვსის თქმით, ზუგდიდში ამ საკითხზე მუშაობას გეგმავს.
რულოვსი ამბობს, რომ ზუგდიდის გეოგრაფიული მდებარეობა და აფხაზეთთან სიახლოვე კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ეს ქალაქი და რეგიონი უფრო დატვირთული უნდა იყოს. მისი თქმით, აფხაზეთიდან ქალები სწორედ ზუგდიდში გადმოდიან დახმარების მისაღებად.
„ოჯახური ძალადობა მთავარ გამოწვევად რჩება, ასევე სექსუალური შევიწროება, აბორტი. ხშირად რეპროდუქციული ჯანრთელობის მიმართულებითაც გვხვდება პრობლემები, რაც ჩემი დარგია და ვაპირებ, ზუგდიდში ამ მიმართულებაზე ყურადღება გავამახვილო. შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება აფხაზეთს, ბევრი ქალი სერვისების მისაღებად სწორედ ზუგდიდში ჩამოდის და სწორედ ამიტომ ზუგდიდი უნდა იყოს უფრო ძლიერი სხვა რეგიონალურ ქალაქებთან შედარებით, რადგან ის მეტად დაიტვირთება აფხაზეთიდან ჩამოსულ ქალებზე“, – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.
სანდრა რულოვსის თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ დროს ზუგდიდში გაატარებს, სადაც, მისი თქმით, უკვე ცხოვრობს და იმედი აქვს, ოჯახის ყველა წევრი შეუერთდება.
„დღეს ვბრუნდები და საღამოს პედაგოგებთან შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული. ეს სამი-ოთხი კვირა ვიქნები ზუგდიდში. საერთოდაც, ზუგდიდელი გავხდი, იქ ვცხოვრობ და იმედია, ოჯახის ყველა წევრი შემომიერთდება და ზუგდიდში ვიცხოვრებთ“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.