საზოგადოება
მორიგი გამოცდა უმაღლესი სასწავლებლებისთვის

ganatl-saminმიმდინარე თვიდან უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესი იწყება, რამაც შესაძლოა, ბევრი უმაღლესი სასწავლებლის გაუქმება გამოიწვიოს. ავტორიზაცია, რომელმაც აკრედიტაციის პროცესი ჩაანაცვლა, სასწავლებლების პროგრამების გადახედვას ითვალისწინებს, რის საფუძველზეც გაირკვევა, რამდენად ხარისხიან განათლებას იძლევა ესა თუ ის უმაღლესი სასწავლებელი.

მეცნიერ-პროფესორები ფიქრობენ, რომ თუ სასწავლო პროგრამების გადახედვა ობიექტურად მოხდა, მათი დონიდან გამომდინარე, სულ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი განაგრძობს არსებობას. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, ავტორიზაციის გარეშე საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, ანუ სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის მინიჭება და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის გაცემა დაუშვებელია.

უმაღლეს სასწავლებლებს, ავტორიზაციის გავლის შესახებ განაცხადის წარდგენასთან ერთად, ევალებათ 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენაც. ეს თანხა ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურია.