პოლიტიკა
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი USS Ross ბათუმის ნავსადგურში იმყოფება

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფება.

მამუკა ბახტაძეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა და ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა დევიდ კოულსმა უმასპინძლეს. პრემიერმა ხომალდი დაათვალიერა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამერიკული გემის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი, რასაც ქართველი ხალხი აფასებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ ყოველთვის იდგა ჩვენ გვერდით ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება. ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის ყოველთვის იყო ძალიან მკაფიოშავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკური სახელმწიფოების მდგრადი უსაფრთხოება წარმოუდგენელია. თქვენი სტუმრობა არის კიდევ ერთი ძლიერი და მეგობრული გზავნილი და ამ მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით“, – მიმართა პრემიერმა ხომალდის მეთაურსა და ეკიპაჟის წევრებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის ნავსადგურში 21 აპრილს შემოვიდა.