სამართალი
სირიაში მყოფი პირების საქართველოში დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სუს-ი პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. შრი-ლანკაში განვითარებული მოვლენები უდავოდ გვაფიქრებინებს, რომ ტერორიზმი არის არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ნომერი პირველი გამოწვევა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს სუს-ის 2018 წლის ანგარიში გააცნო.

მისივე ინფორმაციით, ტერორიზმთან ბრძოლა სუს-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რა გამოწვევასაც სამსახური წარმატებით ართმევს თავს.

ძირითად გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ისლამური სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები. საანგარიშო პერიოდში ისლამური სახელმწიფო მოქმედებას აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი ტაქტიკით. აღნიშნულის ფარგლებშიდაეშისთვისპრიორიტეტი აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერიტორიული ორგანიზაციის მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება. დიდი ალბათობით, შრი-ლანკაშიც მომხდარი ტერორისტული აქტები მათ მიერ იყო განხორციელებული. „დაეშიმთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტ სივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით აქტიურად აგრძელებს თავისი იდეოლოგის გავრცელებას; ახდენს რადიკალიზებული პირების მობილიზებას და მათ გადაბირებას, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მან ასევე ილაპარაკა „თალიბანსა“ და „ალ კაიდაზე“ და აღნიშნა, რომ საქართველო მათ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენს, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა, შესაძლოა, ფინანსური რესურსით უზრუნველყონ სხვა ტერორისტული დაჯგუფებები. სწორედ ამიტომ, ლილუაშვილის თქმით, სუს-ი მუდმივად ატარებს პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა რამდენიმე პირი, რომლებიც სოციალური ქსელების გამოყენებით ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ ავრცელებდნენ იდეებსა და მოწოდებებს. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წელს საქართველოს 20-მდე მოქალაქე მონაწილეობდა სირიასა და ერაყში მიმდინარე ბრძოლებში. მათი საქართველოში დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სუს-ი ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს. გარდა ამისა, სუს-ის უფროსის მოადგილე ტერორისტების მხრიდან საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად გამოყენების საკითხსაც შეეხო.

შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მცდელობის ფაქტები, სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მკაცრად კონტროლდება. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფსს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას განსაკუთრებული აქტივობების შესახებ სუს- განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას, - განაცხადა ლილუაშვილმა.