პოლიტიკა
ბურჯანაძის მწარე მუქარა

nina_burjდღეს, 10 მარტს, სახალხო კრება „შეფიცულების“ პრეზენტაციას გამართავს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე განმარტავს, „ეს იქნება ორგანიზაცია, რომელიც სახალხო კრებას ქვეყანაში უსამართლობის და უკანონობის აღკვეთაში დაეხმარება“.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა უკანონო განაჩენი გადაიხედოს. ჩვენ ხვალ შეფიცულების პრეზენტაცია გვექნება. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების ჩაგვრა. იქნება სრული სოლიდარობა უკანონობის მსხვერპლისადმი. უკანონობის მსხვერპლის გვერდით დადგება ასობით ადამიანი და თუ ხელისუფლება ვინმეს ხელს მოუქნევს, მწარე პასუხს მიიღებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თუმცა ოპოზიციონერ ლიდერს, რომელიც ხშირად გამოირჩევა მუქარანარევი განცხადებებით, არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს „მწარე პასუხი“.

საინტერესო ალბათ, ზოგადად, „შეფიცულთა რაზმების“ საქმიანობაც იქნება, რომელიც, ორგანიზაციის სახელწოდებიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, რადიკალურადაც გამოიყურება. თუმცა კონკრეტულად რას უნდა ელოდოს ხელისუფლება „შეფიცულებისგან“, სავარაუდოდ, დღეიდან, რაზმების ჩამოყალიბების შემდეგ გაირკვევა.