პუბლიკაციები
ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული არმიის, უწინარესად, დიქტატორს უნდა ეშინოდეს

tevzadzeდღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, რომელიც ამჟამად IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პრორექტორი და სრული პროფესორია.
18 თებერვალს უშიშროების საბჭოს წევრებთან ოპერატიულ თათბირზე, რომელზეც სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ პრობლემებზე ილაპარაკა, რაც “მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხაზით... ნებისმიერი პროვოკაციის გზაზე სათანადო წინააღმდეგობა უნდა აღიმართოს”. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს არის, უკეთეს შემთხვევაში, ბოლო გაფრთხილება.

- ბატონო დავით, რამდენად “შეეფერება სიმართლეს” მტკიცება, თითქოს ქართული ჯარის ჩამოყალიბება 2003 წლის შემდეგ დაიწყო?
- ჯარის ჩამოყალიბება დაიწყო 1990 წლის ბოლოს - იმდროინდელი გვარდიის ბაზაზე იქმნებოდა გარკვეული სამხედრო ნაწილები. არმიის შექმნა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც, შეიძლება, ახლაც გრძელდება, წლები სჭირდება, საუკუნეები თუ არა. ერთი თაობის საქმე არ არის ეს. შეიარაღებული ძალები, რომლებიც დღეს რეალურ არმიებად წარმოგვიდგება, ხელეწიფება გარკვეული ნიშების შეცვლა, სულ ცოტა, 300 წელიწადია, ასპარეზზე არიან გამოსული. მარცხიც ჰქონიათ, წარმატებაც. ევროპაში ერთ-ერთი უძველესი არმია თურქეთის არმიაა - 600 წელს ითვლის იგი. მოკლედ, თანამედროვე ქართული არმიის შექმნა დაიწყო პრეზიდენტ გამსახურდიას დროს. ჩემი მინისტრობის პერიოდში უბრალოდ გაიხსნა კარი საერთაშორისო დახმარებისთვის: 17-18 ქვეყანასთან გვქონდა ურთიერთობა.
- ამდენთან?
- კი. საგნობრივი ურთიერთობა გვქონდა.
- რამდენად ძლიერი არმია გვყავს ჩვენ დღეს, ბატონო დავით?
- აქ სხვანაირად დავსვამდი საკითხს. არ არსებობს დღეს არმია, რომელსაც შეეძლება მარტომ გასწიოს წინააღმდეგობა. არმია არის ინსტრუმენტი, რომელიც გარკვეული ამოცანების გადასაწყვეტად არსებობს. მცირეა არმია, მცირეა მისი გადასაწყვეტი ამოცანებიც.
ამ შემთხვევაში ქვეყნის მზაობა იგულისხმება. თუ ქვეყანა არ არის მზად ეკონომიკურად, ადამიანური რესურსებით და ასე შემდეგ, რაგინდ კარგი არმია ჰყავდეს, თუ ეს ნორმა მოშლილია, ანუ არ არის ხელისუფლების ნება, ხალხის ნება, არ შეეგუოს ინტერვენციას, პლიუს ეკონომიკური რესურსი, მაშინ წინააღმდეგობის გაწევაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ამ სამ კომპონენტთან ერთად უნდა იყოს მუდმივი მოწოდება. მაგრამ ეკონომიკური რესურსები საქართველოში რეალურად შეზღუდულია. ავიღოთ თუნდაც იარაღი, რომელსაც აქვს ერთი თვისება - ცვდება. საქართველოში კი არ გვაქვს იარაღის წარმოება.
- მოწოდებაც შეგვიზღუდეს.
- საერთაშორისო ურთიერთობებში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვით, ყველა თავს იკავებს კონფლიქტური რეგიონებისთვის იარაღის მიწოდებისგან, რათა ბიძგი არ მიეცეს კონფლიქტების ან განახლებას, ან გამძაფრებას. ეს ბუნებრივი და ლოგიკური პოზიციაა. დღეს სწორედ ასეთ პირობებში ვიმყოფებით.
- თქვენ ბრძანეთ, რომ გზა გაგვეხსნა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ვმონაწილეობდით ევროპის ქვეყნების სამშვიდობო მისიებში, სადაც პრინციპულად დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ავღანეთი, ბატონო დავით? დანაკარგები, რომელთაც იქ განვიცდით, არის ადეკვატური იმ დახმარების, რასაც ამერიკა გვიწევს?
- ამ პრობლემასთან უშუალო შეხება არ მაქვს. მაგრამ ისე ჩანს, რომ წინასწარი წვრთნის პროცესი, რომელიც ფოკუსირებული იყო სამშვიდობო მისიაზე, შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც ჩვენებს იქ, ავღანეთში დახვდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი დიდი დანაკარგი არ გვექნებოდა.
- თქვენ, როგორც საბრძოლო მეთაური, მონაწილეობდით აფხაზეთის ომში. დღეს ამ ომზე ძალიან ბევრს და კატეგორიულად ლაპარაკობენ ისინი, ვინც იმ დროს, შეიძლება, დაბადებულიც არ იყო.
მოვიგებდით იმ ომს, ბატონო დავით? იყო საამისო რაიმე წინაპირობა? რამ შეგვიშალა ხელი?

- გეტყვით, რომ ომის მოგების წინაპირობები, როგორც ჩანს, არ არსებობდა. თუმცა მშვიდობის უზრუნველყოფა, ალბათ, შესაძლებელი იყო; ყოველ შემთხვევაში, იმაზე უკეთესის, როგორიც დღეს გვაქვს. დღევანდელი გადასახედიდან, როცა მეტი გამოცდილება შევიძინეთ, ასე ჩანს. 
- მიგაჩნიათ, რომ აფხაზეთის ომი იყო ისეთი, რომელშიც არ შეიძლება ყოფილიყო გამარჯვებული?
- აფხაზეთის ომი, ომი სამაჩაბლოში რჩება სამოქალაქო ომად. ქვეყნის მოქალაქეების ერთი ნაწილი იარაღით დაუპირისპირდა მეორე ნაწილს. სახელმწიფოსთვისაც წამგებიანი იყო და ხალხისთვისაც. სამოქალაქო ომი შინაგანად უფრო სასტიკი და არაადამიანურია. არავითარი მექანიზმი არ არსებობს მისი სამართლებრივი რეგულირებისთვის.
- სასტიკიო, თქვით. თქვენ, როგორც მეთაური, ჩვენს ჯარისკაცებს განაწყობდით სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლისთვის? მტრის მოსპობა-განადგურებისთვის, რადგან ომში არც ანგელოზები არიან, არც დემონები?
- არანაირი ასეთი ბრძანება არ გაცემულა. არც არავის სჭირდებოდა ასეთი აგიტაცია. ომში რომ ჩავერთე, გაგრა უკვე დაკარგული იყო. იქაურ სტადიონზე სისასტიკე უკვე ჩადენილი ჰქონდათ ჩეჩნებს. ჩვენს მებრძოლებში ძალიან ძლიერი იყო შურისძიების გრძნობა, ამიტომ მათ არანაირი წაქეზება არ სჭირდებოდა. 
- ამ ბოლო კვირების განმავლობაში ერთი თემა წამოიწია განსაკუთრებით: დიქტატორი და არმია. დიქტატურა, უწინარეს ყოვლისა, არმიის საძირკველზე დგას, შემდეგ - ძალოვანი სტრუქტურების სისტემაზე.
- არმია არსებობს იმისთვის, რომ ხალხი დაიცვას. არმიის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არასწორია. დიქტატორს უნდა ეშინოდეს, რომ ჯარი გამოიყენა ხალხის წინააღმდეგ. აუცილებლად უნდა ეშინოდეს! ისე ჩანს, რომ კადაფის თავისი ქვეყნიდან წასასვლელი არსად არ აქვს. ეს ძალიან სახიფათოა. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციებში ოქროს გასასვლელს უტოვებენ ნებისმიერ ალყაშემორტყმულ გარნიზონს თუ სხვა საჯარისო დანაყოფს. თუ ასეთი დერეფანი არ არსებობს, ალყაში მოქცეულთა ბრძოლისუნარიანობა იზრდება, რადგან მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი თავგანწირვით ბრძოლაა. შედეგად იზრდება მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხრიდან. ლიბიის შემთხვევაში ჯობდა, რომ რომელიმე ქვეყანას შეეთავაზებინა მუამარ კადაფისთვის თავშესაფარი. ყველა სხვა ვარიანტით მოვლენების განვითარების პირობებში კადაფი ბოლომდე იბრძოლებს.
- ესე იგი, არმია არსებობს ხალხის დასაცავად. თუ დიქტატორი დაუპირისპირდება ხალხს, არმია დაუპირისპირდება დიქტატორს, შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არმიამ მხარი დაუჭიროს დიქტატორს, მაგრამ დიქტატორს, უწინარეს ყოვლისა, უნდა ეშინოდეს არმიის.
- ასე გამოყენებული არმიის.
- 2003 წლის ნოემბერში ვის მხარეს იდგა არმია, ბატონო დავით? იმ დროს, როცა თქვენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყავით?
- არმია ასრულებდა თავის ძირითად დანიშნულებას. სიტუაციას ძაბავდა გარნიზონებში შეღწევის მცდელობა, რაც გამოიწვევდა იარაღის უკონტროლოდ გადინებას. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმ დღეებში არც დამდგარა არმიის არადანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხი.
- დავუშვათ და ახლოაღმოსავლური არეულობის ტალღამ საქართველოსაც გადაუარა... როგორ ფიქრობთ, რას იზამს არმია ასეთ შემთხვევაში?
- (პაუზა). რა და როგორ იქნება, ამაზე ლაპარაკი მარჩიელობას დაემსგავსება. შემიძლია ვთქვა, რა იქნება უმჯობესი. როგორი არეულობაც გინდა იყოს ქვეყანაში, არმიის ამოცანებს ვერავინ შეცვლის. არმია არ იწვრთნება ამბოხებათა ჩასახშობად. არმია იწვრთნება ტერიტორიისა და ხალხის დასაცავად. მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში იგი იშლება, ირღვევა. მაგალითად,  შეიძლება დაირღვეს შიდაარმიული დაპირისპირებით, როცა გაიყოფა გარნიზონი მეთაურის გემოვნების შესაბამისად - ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რაც პირდაპირი გზაა სამოქალაქო ომისკენ, რომლის სცენარი ყველაზე ცუდია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა თავისი მყიფე ეკონომიკური ბაზითა და დემოგრაფიული პრობლემებით. არ ვართ იმდენად გაფოფინებული, რომ ერთმანეთს თავი დავახოცინოთ.
სამოქალაქო ომი რომ არ მოხდეს, ამის ერთადერთი გარანტორი არის არმია, რომელიც ინარჩუნებს თავის მთლიანობას, არ ტოვებს გარნიზონების ტერიტორიას და აგრძელებს ფუნქციონირებას.
- ოქტომბრის რევოლუციის შემდგომი სამოქალაქო ომი საბჭოთა რუსეთში არის ჩვენთვის გაკვეთილი?
- ისტორიამ ბევრი გაკვეთილი დაგვიტოვა. შემთხვევით არ არის ნათქვამი, რომ ისტორია მასწავლებელია. მაგრამ მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ისტორიიდან ესწავლოს რამე. ყველა მაინც და მაინც თავისი გამოცდილების მიხედვით ცდილობს სიარულს, პოლიტიკოსები - განსაკუთრებით (ეღიმება).
- სლენგი რომ ვიხმარო, ქაჩავს ჩვენი ავტორიტარიზმი დიქტატურამდე?
- პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ (იცინის).
- ბოლო შეკითხვა - ფილოსოფიურ ჭრილში, რომელიც იმდენჯერ მეორდება, რომ ბანალურად ობივატელური ხდება: რა გვეშველება?
- მაგ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რომ შემეძლოს, საკუთარ თავს ვუშველიდი, უპირველესად...

 

ესაუბრა
არმაზ სანებლიძე

http://geworld.net/politics/1209.html