სამართალი
პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის 08:00 საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჯამში სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები ალაზანი ენერჯი და ფერი გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.