საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილია ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილმა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 27-გვერდიანია და მასში სუს-ის 2018 წლის საქმიანობა არის ასახული. სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე შეეხო კონტრდაზვერვით საქმიანობას და ჩამოთვალა უცხო ქვეყნების მიერ ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება.
„საანგარიშო პერიოდში სუს-ისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სხვადასხვა აქტორის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. 2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მეთოდს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას, ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას, მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას, საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას. მათ მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებების და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია.
„ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით პროცესებზე გავლენის მოხდენა. სუს-ი მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილი იქნა ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება. 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამდადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
მანვე დასძინა, რომ გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით და უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა.