პუბლიკაციები
ვისთვის იწერება საქართველოს ახალი კონსტიტუცია?

 კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა ზეგ, 10 სექტემბერს დასრულდება. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" და "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი" ერთობლივ მიმართვაში პარლამენტს პროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივებას 2011 წლამდე სთხოვენ, თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, მოწადინებულია, პროცესი შეძლებისდაგვარად დააჩქაროს. დავით ბაქრაძის მიერ 24 აგვისტოს გაკეთებული განცხადების თანახმად, პარლამენტი პროექტს სექტემბერ-ოქტომბერში განიხილავს, ხოლო კენჭისყრა ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. იმაზე, რომ საკონსტიტუციო პროექტი დღევანდელი სახით მთელ რიგ ხარვეზებს შეიცავს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ივლისის ბოლოს მიუთითა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე წინასწარი მოსაზრებები გამოაქვეყნა. საბოლოო დასკვნას კომისია ერთ კვირაში მიიღებს. 16 სექტემბერს ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და თავის მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარებს.
ვენეციის კომისიის "წინასწარი მოსაზრებების" თანახმად, ახალი მოდელი ხელისუფლების შტოებს შორის კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს შეიცავს. კერძოდ, პრეზიდენტსა და მთავრობას ან პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. აგრეთვე, გაკრიტიკებულია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი, აგრეთვე, "ორგანული კანონის" ცნების გაუქმება, რომელიც ამ ტიპის კანონებს "დაცვის გაძლიერებულ მექანიზმს მოუხსნის". ახალ პირობებში ნებისმიერი კანონის მიღებისთვის, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, დეპუტატების ხმების 2\3-ის ან 3\5-ის მოგროვება საჭირო აღარ იქნება. ვენეციის კომისიამ რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან ხარვეზზეც მიუთითა.
ქართველმა ექსპერტებმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ახალი პროექტი პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების არაპროპორციულ კონცენტრაციას ითვალისწინებს, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის ზემოქმედების შესაძლებლობების შემცირების პირობებში შეიძლება სერიოზული კრიზისის წინაპირობა გახდეს.
მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე უარყო ოპოზიციის ბრალდებები, იმის თაობაზე, რომ მას უნდა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს და განაცხადა: "საუბარი არის იმაზე, რომ აღარ მოხდება არც ერთ ხელში, ცალკე აღებული ხელისუფლების კონცენტრაცია. მოხდება კოლექტიური ხელისუფლების ჩამოყალიბება. საუბარია იმაზე, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებ ვენეციის კომისიის მოწოდებას (პრეზიდენტის ხელისუფლების დასუსტებასთან დაკავშირებით)". "იქნება ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, რომელიც დააკომპლექტებს და გააკონტროლებს პარლამენტს", - დასძინა სააკაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებიდან, რომლებიც ბოლო დღეებში გაკეთდა, აშკარად ჩანს, რომ ისინი ახალი პროექტით კმაყოფილები არიან, სავარაუდოდ, ის მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს. ოპოზიციონერთა განცხადებებში კი მთავარ ადგილს შემდეგი პოსტულატები იკავებდნენ: ) პროექტის მთავარი მიზანი დღევანდელი მმართველი ჯგუფის მიერ ხელისუფლების ხანგრძლივი ვადით შენარჩუნების უზრუნველყოფაა, ) საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს მიხეილ სააკაშვილს, ერთის მხრივ, უმტკივნეულოდ გაიყვანოს პრეზიდენტის პოსტზე "მემკვიდრე" და მეორეს მხრივ, ხელისუფლების სათავეში 2013 წლის შემდეგაც დარჩეს, ) ახალი კონსტიტუცია კიდევ უფრო გაართულებს შიდაპოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტას პოლიტიკური მეთოდებით სამართლებრივ სივრცეში, რაც პერმანენტული კრიზისის წინაპირობა გახდება.
მთავარი საფრთხე, რომელიც ახალ საკონსტიტუციო მოდელს უკავშირდება, ალბათ, შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: ის ეფუძნება დღეს არსებულ ძალთა ბალანსს - ხელისუფლების შიგნით და მთლიანად პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც პოლიტიკური პროცესისთვის ბუნებრივი ცვლილებების შემდეგ წონასწორობა დაირღვევა, ახალი სისტემა შეიძლება შეცვლილი პირობების ადეკვატური არ აღმოჩნდეს. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის შექმნილი სისტემა ამავე ჯგუფის თვითგანადგურების მექანიზმად გადაიქცეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებს შორის კონფლიქტის გაღვივების სერიოზულ პოტენციალს შეიცავს. ამ გადასახედიდან უახლოესი 2-3 წლის პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული, ტაქტიკურ გათვლებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო ცვლილებები სტრატეგიულ პერსპექტივაში შეიძლება მეტად წამგებიანი გამოდგეს.