საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.
ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.
მათი პრეტენზია ნათია კაპანაძისადმი ტელევიზიის რეიტინგს, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდებოდა.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია და დირექტორის გადაყენებისთვის სამი ხმა იყო საჭირო.
ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს. ის მიიჩნევს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის.
„მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი. პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს. მე მომიწევს, რომ კიდევ ერთი პროცესი ვაწარმოო დირექტორის იმპიჩმენტისგან დაცვის. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, ამ შემთხვევაში უკვე საკუთარ თავს დავიცავ“, – განაცხადა კაპანაძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაერო-ს მედია მონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედია საშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში“, – აღნიშნულია განცხადებაში.