საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში ისრაელში საქართველოს 996 მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც ქვეყანაში 129 არ შეუშვეს.
შედარებისთვის, თებერვალში ისრაელში 1021 მოქალაქე გაემგზავრა და საზღვარი 130-მა ვერ გადაკვეთა; იანვარში 1320 გამგზავრება და 141 უარის ფაქტი დაფიქსირდა.
შსს-ს ინფორმაციით, მარტში საქართველოს 28 მოქალაქე უკრაინაში არ შეუშვეს, 20 – თურქეთში, 11 – ბელარუსში, 4 – რუსეთში, 2 – ყატარში, 5 – სხვა ქვეყნებში.
ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა არშეშვების ერთ-ერთი ბოლო ფაქტი ანსამბლ „გორდას“ 17-წევრიან ჯგუფს უკავშირდება. ისრაელის სასაზღვრო სამსახურისთვის საეჭვო გახდა, რომ საბავშვო ფესტივალზე მხოლოდ რამდენიმე ბავშვი მიემგზავრებოდა, დანარჩენები კი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები იყვნენ.