რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ა.წ. 17 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს ბ-ნ ფეისალ ალ-ფაიეზის და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი.

შეხვედრაზე ითქვა საქართველოსა და იორდანიას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საჭიროებაზე, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები.

იორდანიის სენატის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იორდანიის მეფის მოკითხვა გადასცა.

მისმა უწმინდესობამ გაიხსენა თავისი ვიზიტი იორდანიაში და შეხვედრა მის უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან. მან იორდანიის სენატის პრეზიდენტს მეფისთვის საჩუქარი გადასცა და საქართველოში მოიწვია.