საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები გვჭირდება, ეს არის ერთმნიშვნელოვანი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, ჰქონდა თუ არა მას გიორგი ქობულიასთან უთანხმოება და კიდევ იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.
„მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019-2020 წლებში ჩვენს ბიუჯეტში კონსოლიდირებული იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ საკმარისი რესურსია ყველა გამოწვევასთან გასამკლავებლად, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები, რაც არსებობს, შევამსუბუქოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი შეფასებით, აღნიშნულ თანხას და ინვესტიციებს სჭირდება ძალიან ოპერატიული და ეფექტიანი მართვა.
როგორ მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ გადაწყვეტილება არ დააყოვნებს, თუ რომელიმე მინისტრი საჭირო ტემპს ჩამორჩება.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ შედეგი, რაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებითა და კონკრეტული შედეგებით. ჩემთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რაც გითხარით“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წარადგინა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომლებიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი, იქნება ამბიციური.
„გუშინ მივიღე გადაწყვეტილება და გიორგი ქობულიას შეცვლის ნათია თურნავა. გიორგი ქობულიამ შეძლო ყველა ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაზე განვითარების სტრატეგიების შედგენა. ნათიასთან მაკავშირებს ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება, თუ სწორად დავითვალე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ბიზნესისა და მეწარმეების ინტერესების გამტარებელი იქნება. ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა სოციალური რეალობის, რომელიც არის ქვეყანაში და ასეთივე აღქმა აქვს საზოგადოებას. დავალებები და ვადები, რომელიც ნათიას ექნება შესასრულებელი, არის ამბიციური და მკაცრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარებით ნათია წარმატებით გაართმევს ამას თავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.