პოლიტიკა
ესტონეთის პრეზიდენტმა ქართველ ხელმძღვანელებს მაგალითი უჩვენა და მათ ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოსთან არსებული პრობლემების გადაწყვეტის ვარიანტები განიხილა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ უფრო მეტად ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტაზე, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სააგენტო „ბალთიქ ქოურსის“ ინფორმაციით, კერსტი კალიულაიდმა თქვა, რომ ესტონეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოში შესვლა სურს და მსოფლიოში არსებული კონფლიქტები მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას.

ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე წერს სააგენტო „ესთონიან ვორლდიც“: ამ მიმართულებით ესტონეთისა და ევროკავშირის პოზიცია ცხადია. მე ვთქვი, რომ ვიყავი კონფლიქტის ხაზებთან ორივე ქვეყანაში და ესტონეთი, როგორც ევროკავშირის ქვეყანა, სრულად უჭერს მხარს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ესტონე​თის პრეზიდენტმა.

იმის შესახებ, რომ ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კრემლში შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რა თქმა უნდა, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს სანქციების ევროპულ მექანიზმსა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა განიხილეს საქართველოსთან მიმართებით, სადაც კონფლიქტი, როგორც ჩანს, დიდი ხანია, გაყინულია“, ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა: სწორედ ეს განვიხილეთ. საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. უკრაინაშიც არჩევნებია. ამავდროულად, მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია და ამის შესახებ აუცილებელია საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუ როგორ მივედით აქამდე. არ ველოდებოდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით. პატივისცემის მიუხედავად, საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე, როგორც ჩემი თანამოსაუბრე“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.