რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო იწყებს მდოვრედ შემობრუნებას რუსეთისკენ, ანუ რატომ დაადანაშაულეს სააკაშვილი „რუსულ ნარატივში“

     „გრძელვადიანი თვალსაზრისით საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნატოში გაწევრიანების იმედი“ - ჰან ბინენდაიკი, „ამერიკის ხმა“

     საქართველოში ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს დასავლეთისაკენ 18-წლიანი მოგზაურობის შემდეგ რუსთაველის ქვეყანა მდოვრედ შემობრუნებისა და ძველ კურსზე დაბრუნებისთვის ემზადება - რუსეთის ფედერაციისაკენ და სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკებისკენ. საქართველოს ფარვატერში გაჰყვება უკრაინაც, მათ იძულებით დაბრუნებას მშობლიურ ნავსაყუდელში მოთმინებით და გაგებით ელოდებიან, მაგრამ დროს ფუჭად არ კარგავენ და თანდათანობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთიანდებიან.
     სანამ ქართული ოპოზიცია, რომელსაც სურს, დასავლური ღვეზელის ნარჩენების დარიგებას მიუსწროს, ერთიანდება პრინციპით „ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ“ და ფეხქვეშ თელავს მორალის და ელემენტარული ზრდილობის საზღვრებს; სანამ ხელისუფლება, მოახლოებული გარდაუვალი გადადგომის წინათგრძნობით, რაც შეიძლება მეტი უხამსად უზარმაზარი ხელფასების და პრემიების წაგლეჯას ცდილობს, 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე ცნობილი დასავლური ორგანიზაციების - არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International - Georgia-ს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის (The Caucasus Research Resource Centers, CRRC) მიერ გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების ნახევარმა მხარი დაუჭირა „რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ოკუპაციის მიუხედავად“ (44% 2087 გამოკითხულიდან, 10%-მა თავი შეიკავა, ცდომილება ±2%).
     არანაკლებ ცნობილი ამერიკული ინსტიტუტების - NDI-ს და IRI-ს დაკვეთით ჩატარებული უკანასკნელი სოციალური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობისათვის განწყობილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 30%-ს შეადგენს, და ეს - საქართველოში მიმდინარე პროცესებისაგან მოსკოვის თვითიზოლაციის პირობებში (თბილისში წარმოდგენილი რუსეთის ოფიციალური სახელმწიფო, საზოგადოებრივი (არაკომერციული) და მედია ორგანიზაციების საქმიანობა იმდენად ფიქტიური და არასერიოზულია, რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და მრავალ უსიამოვნო შეკითხვას იწვევს, მაგრამ ეს უკვე სხვა, ბევრისათვის სამარცხვინო საუბრის თემაა). ხოლო რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობის დარეგულირებასა ერთდროულად საქართველოს ევროკავშირში შესვლის მომხრეთა რიცხვი 3000 გამოკითხულიდან 70%-ს აღემატება +1,5% ცდომილების პირობებში.
     რატომ ვერ ხერხდება საქართველოში მთელი ხალხის გამუდმებით მოტყუება, დასავლეთის მიერ პოლიტიკაში და პროპაგანდაში დაბანდებული მილიარდების მიუხედავად? ყველაფერი უაღრესად მარტივია და აქ საქმე მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობა, მრავალწლიანი მეგობრობა, კულტურების ურთიერთშეღწევა და ერთიანობით მოპოვებული დიდი გამარჯვება კი არ გახლავთ, არამედ ელემენტარული რეალიზმი. ევროატლანტიკური ჟანრის კრიზისი საქართველოში დიდი ხანია მწიფდებოდა, 1991 წლის შემდეგ ხომ დასავლეთმა შეიარაღების, სამხედრო წვრთნების და სამი პრიმიტიული თეზისისაგან - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“; „ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ნატოს და ევროკავშირის წევრობა“; „რუსეთი ისტორიული აგრესორი და საქართველოს ოკუპანტია“ - შემდგარი პროპაგანდის მეტი ვერაფერი შემოგვთავაზა. თუ არ ჩავთვლით ვიზალიბერალიზაციას, რომლის შედეგად ამაყმა ქართველებმა უფლება მიიღეს, გასტარბაიტერები გახდნენ, რათა ნამდვილი ევროპელებისთვის მუშაობით წელი მოიწყვიტონ! უფრო მეტიც, უზარმაზარი განსხვავება საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ცხოვრების დაბალ დონეს და მისი ახალი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დონეს შორის კიდევ უფრო გაიზარდა.

თეზისი №1
     ტოლობა „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც პრემიერ ჟვანიას სიცოცხლის ფასად დაუჯდა, არასწორად არის შედგენილი, იმიტომ, რომ მისი პირველი ნაწილი თავიდანვე მცდარ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც მეორე ნაწილი ყოველგვარ აზრს კარგავს. ქართულ პასპორტში ორი გრაფის - „ეროვნების“ და მამის სახელის გაუქმებით, სააკაშვილის რეჟიმმა, პრაქტიკულად, აუკრძალა ქართველებს, ქართველებად იწოდებოდნენ და მათ მამული წაართვა. საბოლოოდ კი გამოდის, რომ თუ ქართველი არ ვარ, შესაბამისად, ევროპელიც არ ვყოფილვარ!
     უკვე 7 წელია, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ჟვანიას ფორმულა ვარსკვლავზეც კი ამოკვეთეს, რომელიც სტრასბურგში მის პატივსაცემად გაიხსნა, მაგრამ ქართველები მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში უწინდებურად ვერ ამტკიცებენ, რომ ქართველები არიან, რაც ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება (მაგალითად - აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას, როცა ქართველებზე ხშირად ეჭვი მიაქვთ, რომ ისინი სომხური წარმოშობის არიან). დღემდე არც ერთი პარლამენტარი არ გამოსულა ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტის აღდგენის ინიციატივით, რომელიც საქართველოს მოქალაქის ეროვნებას ადასტურებს! არის თუ არა ასეთ შემთხვევაში საქართველო ეროვნული სახელმწიფო? არა, სამაგიეროდ, პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი ლგბტ-ს უფლებების ექსკლუზიურად დაცვის შესახებ ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის უფლებების საზიანოდ, და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, მის გაუქმებას არ აპირებს. ამის შემდეგ რა აზრი აქვს სკოლებში ქართული საეკლესიო საგალობლების სწავლების შემოღებას, რის შესახებაც გასულ კვირას პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა?!
   ნეტავ სხვა ეთნოსებისთვის, მაგალითად, აფხაზების და ოსებისთვის, რამდენად მიმზიდველად გამოიყურება საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელშიც ეროვნება არ არის მითითებული? ქართველებს კიდეც რომ შეურიგდნენ, თანახმა იქნებიან სოხუმსა და ცხინვალში, ასეთი პასპორტების მფლობელები გახდნენ? ამის შემდეგ რა აზრი აქვს კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ სახელმწიფო ენა ქართულია?!
     განა შეიძლება, ევროპელები ვუწოდოთ ვანდალებს, რომლებმაც უშენზე პირქვე მოისროლეს საქართველოს დიადი შვილი, გენერალისიმუსი და მთავარსარდალი სტალინი?! და ყველა დანარჩენ ლაჩარს, რომლებსაც შიშისაგან დღემდე არ დაუბრუნებიათ იოსებ ბესარიონის ძე თავის ადგილზე - კვარცხლბეკზე გორის ცენტრალურ მოედანზე?! ასიოდე მეტრის დაშორებით შესანიშნავი ქართველის მუზეუმიდან, რომლის რეიტინგმა რუსეთში 77%-ს მიაღწია „რეპრესიების“ მიუხედავად?!
     განა შეიძლება, საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ იწოდებოდეს იმის შემდეგ, რაც პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადა ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ჰიტლერს გაუთანაბრა სტალინი, ვისი სახელითაც შეტევაზე მიდიოდა და იღუპებოდა მილიონობით გმირი, რომლებმაც მსოფლიო ფაშიზმისაგან იხსნეს?! მათ შორის - 700 ათასი საქართველოს შვილი? სამარცხვინოა - ერთი თვის წინ, ნატოს წვრთნების «NATO-GEO EXERCISE 2019» დროს თბილისში მეფური პატივისცემით შეხვდნენ იენს სტოლტენბერგს, რომელმაც შეურაცხყო ჩვენი წინაპრების ხსოვნა და ვერც ერთმა ქართველმა „სტალინისტ-კომუნისტმა“ ვერ გაბედა მისთვის ლაყე კვერცხის ან დამპალი პომიდვრის სროლა! მათ, როგორც შეძლებულმა და გამოცდილმა კონფორმისტებმა, რისკის ქვეშ არ დააყენეს საკუთარი სტაბილური მდგომარეობა იმისთვისაც კი, რომ უბრალოდ სტოლტენბერგისთვის საქართველოში ჩამოსვლის აკრძალვა შეეთავაზებინათ!

თეზისი №2
     „ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი ნატოს და ევროკავშირის წევრობაა“: როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი იყოს ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით საუკუნით უფრო გვიან გაჩნდნენ, ვიდრე თავად ქართველები?! ვინ შეიტანა ეს აბსურდული ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში და რატომ ერთხელაც არ გამოვიდნენ ცრუპატრიოტი პარლამენტარები მისი სასწრაფოდ ამოღების მოთხოვნით?!

თეზისი №3
     „რუსეთი ისტორიული აგრესორი და საქართველოს ოკუპანტია“: რუსეთის იმპერატორებმა ნაგლეჯ-ნაგლეჯ შეაკოწიწეს ერთიან სახელმწიფოდ აღმოსავლეთის მბრძანებლების მიერ დანაწევრებული საქართველო, რომელიც ტერიტორიებს ისტორიულად უმთავრესად შინადაპირისპირების გამო კარგავდა, სააკაშვილის ტიპის მმართველების წყალობით!

     სხვათა შორის, „ჩრდილოეთის ქარი“ საქართველოში პირველმა პიარ-ფლუგერმა სააკაშვილმა იგრძნო, თუმცა კი, ჰოლანდიაში! სააკაშვილი მიხვდა, როგორ ბონუსებს ჰპირდება ახალი ტრენდი მათ, ვინც მოასწრებს, პრორუსული პოლიტიკის ავანგარდში აღმოჩნდეს - საქართველოშიც და უკრაინაშიც! აი, რით აიხსნება მისი ცოტა ხნის წინანდელი რევერანსები პუტინის მისამართით ქართულ და უკრაინულ მედიაში: „პუტინი ყოველთვის პატივისცემით მეპყრობოდა“; „მზად ვიყავი, უარი მეთქვა ნატოზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების სანაცვლოდ!“; „ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც სრულიად არ სჭირდება უკრაინა, ხოლო მეორე მხრივ - დასავლეთი თავისი კოლონიური მიდგომებით, რომელსაც უკრაინა მხოლოდ სამუშაო ძალად სჭირდება!“. ასეთი „თავისუფალი აზროვნებისთვის“ ყოფილმა თანაპარტიელებმა („ევროპული საქართველო“ ბოკერიას მეთაურობით) შანსი არ გაუშვეს, სააკაშვილი „რუსულ ნარატივში“ დაედანაშაულებინათ. ამგვარად, მიშას მიერ საქართველოსა და უკრაინაში ჩანერგილი ცე-რე-უ-ს პიარ-ტექნოლოგია - ნებისმიერი საბაბით პრორუსულობაში დადანაშაულება - დღეს მის წინააღმდეგ შემობრუნდა!
     ცოტა უფრო ადრე სააკაშვილმა, რომელიც შეუბრალებლად ებრძოდა ქართულ ტრადიციებს და „წითელ ინტელიგენციას“, როგორც წარსულის მავნე გადმონაშთებს, რომლებიც „უნიტაზში ჩასარეცხები“ იყვნენ, ამ „დემოკრატიის შუქურამ“ და დასავლური ლიბერალური ღირებულებების მიმდევარმა, მოულოდნელად პატრიოტული ლოზუნგების წამოსროლა დაიწყო, მაგალითად, საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციის და წარმოების წინააღმდეგ, ბანკების ძალმომრეობის წინააღმდეგ, რომლებმაც კრედიტებზე ყაჩაღური პროცენტები დაუწესეს მოსახლეობას, და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი წინამძღვრის დასაცავადაც კი, რომელსაც თითქოს ივანიშვილის ხელისუფლება ავიწროვებს! ხოლო ევროპელი სანდრა რულოვსი, რომელმაც თავის წიგნში უდიერად მოიხსენია საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, დღეს ზუგდიდის მერად იყრის კენჭს და ბევრი ზუგდიდელი სულ მთლად „ევროპულად“ აპირებს, მას ხმა მისცეს! დიახ, იმ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე, რომლის ბრძანებით სამეგრელოში მამაკაცებს ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ და წამებას ვიდეოკასეტებზე იწერდნენ, რომლებსაც პლასტმასის კასრებში იარაღთან ერთად აწყობდნენ და ზუგდიდის შემოგარენში მიწაში ფლავდნენ...
     სააკაშვილის ჩანაფიქრით, რულოვსის ფეისი მისი ცალყბა „ევროპული“ ჩაცინებით მოწოდებულია, ელექტორატზე ადამიანური სახის მქონე „ნაცმოძრაობის“ ეფექტი მოახდინოს, რომელიც ჩადენილ დანაშაულებს ინანიებს. და ამასთანავე - დაჩრდილოს გრიგოლ (გრიგორი) ვაშაძის მეტისმეტად უბადრუკი ჰაბიტუსი, რომლის შესახებ მოსკოვს ჯერ მის ხელთ არსებული მდიდარი კომპრომატის ერთი წვეთიც კი არ გაუსაჯაროებია! რატომ უფრთხილდება რუსეთი ასე სააკაშვილის პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს? აქ ბევრი ვერსია არ არსებობს, უფრო ზუსტად რომ ითქვას, ვერსია ერთია...
„ამხანაგებთან ერთად მთელი ევროპა ფეხით გავიარე, მაგრამ საკუთარ თავს ევროპელებად არ მივიჩნევდით, - გამიზიარა დიდი სამამულო ომის დაბნეულმა ვეტერანმა, - ისინი ხომ სულ სხვა ხალხია, ჩვენთვის უცხო კულტურა!“.
„კულტურა იქით იყოს!
- ვუპასუხე თმაჭაღარა ბაბუას, - შევხედოთ პურს ჩვენი არსობისა - ეკონომიკას, რომელიც ევროპულში ინტეგრირებული არ არის. საკმარისი იყო, რუსეთს პურის გაძვირება გამოეცხადებინა სათესი ფართობების (შესაბამისად, მოსავლის) შემცირებასთან დაკავშირებით, და საქართველოში მაშინვე გაძვირდა პური და მთელი სამომხმარებლო კალათა, იმიტომ რომ ჩვენში პური მართლაც ყველაფრის თავიდათავი და უმრავლესობისთვის კვების ძირითადი პროდუქტია! აბა, „ჯაველინებს“ ხომ არ შევჭამთ?!
     მაშ ასე, პურითაც კი რუსეთზე ვართ დამოკიდებული - თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორზე (2018 წელს რუსეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა). რუსეთი უდავო ლიდერია საქართველოში ფულადი სახსრების გადმორიცხვის მოცულობით, რაც სერიოზულ სტიმულს აძლევს ქართულ ეკონომიკას (დაახლოებით 440 მილიონი დოლარი წელიწადში). საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ტურისტები რუსეთიდან (1,5 მილიონზე მეტი ვიზიტორი წელიწადში). ქართული ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებს - ენერგეტიკას, სამთო მომპოვებელ და სხვ. - რუსი ინვესტორები მართავენ, ხოლო საქართველოდან ჩასული მილიონამდე ადამიანი ღირსეულად ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, და არა მომვლელებად და დარაჯებად, როგორც ეს ევროპაშია...
     სხვათა შორის, „ჯაველინები“ და ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რომლებიც გაჭირვებული ქართველი გადასახადის გადამხდელისათვის წართმეული ასობით მილიონი დოლარითა და ევროთია ნაყიდი, როგორც ჩანს, ისე ჩაჟანგდებიან, რომ ერთხელაც არ გაისვრიან, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ახალი რუსული ტანკების და რაკეტების წინააღმდეგ არაეფექტიანია. საქმე ის არის, რომ სტოლტენბერგი მოულოდნელად საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა: თუკი ბოლო ხანებში ნატოს გენერალური მდივანი გამუდმებით იმეორებდა, რომ შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგია საქართველოს მონაწილეობით რუსეთის წინააღმდეგ, მის შესაკავებლად არის მიმართული, გასული კვირიდან მოყოლებული, თავგამოდებული ამტკიცებს, რომ საქართველოს დაახლოება ნატოსთან არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ! დიახ, ჩინოვნიკი სტოლტენბერგი, რომელმაც სტალინი ჰიტლერს გაუთანაბრა, უმეცარი, თავხედი და თვალთმაქცია, მაგრამ არა სულელი, რომ ვაშინგტონს თავზე გადაახტეს და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინოს! ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი - ბიზნესმენი ტრამპი, რომელიც ყველაფერში სწრაფ ფინანსურ მოგებას ეძებს, სიამოვნებით ატარებს ექსპერიმენტებს ეკონომიკური სანქციებით, მაგრამ არ ჩაებმება წინასწარვე წამგებიან სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან შავ ზღვაში - არც უკრაინის გულისთვის ქერჩის სრუტეში, და არც, მით უმეტეს, საქართველოს გულისთვის!
     სწორედ ამ რეალიებით გახლავთ ნაკარნახევი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გარდაუვალი კორექტირების აუცილებლობა, რაც უეჭველად ესმის საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ასრულებს დასმულ ამოცანას - ნებაზე ჰყავს მიშვებული ევროატლანტიკური ვნებები - რამდენიც უნდათ, ითუხთუხონ, მაგრამ როგორც კი ქაფის კიდეზე გადმოსვლის საშიშროება იქმნება, ქოთანს ხუფს ახურავს, რათა რუსეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტისაკენ დაცურება არ დაუშვას! ამისთვის აუცილებელია, საქართველოს მთელ პოლიტიკურ სპექტრს აკონტროლებდეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რასაც იგი წარმატებით ახორციელებს პრინციპით „გათიშე და იბატონე“.
     თავდაპირველად ივანიშვილმა სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობა“ გახლიჩა და მისგან ცალკე პარტიად „ევროპულ საქართველოდ“ გამოჰყო ყველაზე პროფესიული ლიდერშიფი, ახლა კი საკუთარი პარტიიდან „ქართული ოცნებიდან“ გამოჰყო „პატრიოტული“ კონსერვატიული ფრთა, რომელიც კონფლიქტში შევიდა „მოწინავე“ პროდასავლურ ფრთასთან. ივანიშვილის თავდაპირველი ჩანაფიქრი - “ამბოხებულები” 2012-2013 წლებში კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან გაეერთიანებინა რეანიმირებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პლატფორმაზე „დაიცავი საქართველო“ - პრეზენტაციაზევე ჩაიშალა მისი ლიდერის - პოეტ მაღრაძის გამოისობით, რომელსაც პოლიტიკოსისათვის აუცილებელი არც ერთი თვისება არ გააჩნია.
     არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ეგზისტენციალური გატაცება ინტელიგენციით - გიორგი მარგველაშვილით, სალომე ზურაბიშვილით, ახლა კი, როგორც ჩანს, დავით მაღრაძით, რომლებსაც ივანიშვილი უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე სვამს, ფილანტროპს ყველაზე ძვირი დაუჯდა - როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით. მაგალითად, დღეს აღმოჩნდა, რომ „მოკრძალებულმა“ ზურაბიშვილმა ორივე სასახლე შეინარჩუნა - სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენცია (რომლის დატოვებაზე მარგველაშვილმა უარი განაცხადა, რისთვისაც ანათემას გადასცეს!), და დადიანების სასახლეც (ყოფილი აშშ-ის საელჩო).

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 21 აპრილი,
საქართველო, თბილისი