პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა სკანდალით გაიხსნა (ვიდეო)

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის ყველა სამართლებრივი რეკომენდაცია ავსახეთ ჩვენს პროექტში, ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მომზადება და მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია რაღაც პროცედურული საკითხებით ცდილობს პროცესის დაბლოკვას.

ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს კანონპროექტის განხილვას. ეს იყო პოლიტიკური ტესტი, რამაც ამ პროცესში ოპოზიციის რეალური მიზანი გამოაჩინა, ამიტომ ითხოვდნენ, ვადების გადადებასა და იყენებდნენ რეგლამენტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ომბუდსმენთან შეთანხმება იყო, რომ კანონპროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებს მისთვის მოესმინათ და ეს პირობა დაცულია.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა (ვიდეო იხ. აქ).

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაწყებულიყო, რომელსაც დეპუტატების წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე უნდა ელაპარაკა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ დღის წესრიგით განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. სწორედ ამიტომ ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს დაეთმო. ოპოზიციონერი დეპუტატები ანრი ოხანაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათი თქმით, ცვლილებების გაცნობა ვერ მოასწრეს. სხდომაზე 14:00 საათამდე შესვენება გამოცხადდა.

ამასთან, გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც. სხდომის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის პუნქტების გათვალისწინებას აპირებს.