საზოგადოება
წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში კვლავ მესამე ადგილზეა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წითელას გავრცელების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. დაავადების გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ლაპარაკია წითელას გამოვლენის მაჩვენებელზე ერთ მილიონ მოსახლეზე – 2018 წლის მარტიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში. საქართველოში ამ პერიოდში დაავადების 3017 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 768,58).

ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე მადაგასკარი გავიდა, სადაც 69 720 შემთხვევა გამოვლინდა (კოეფიციენტი 2800,61), მეორე ადგილზე უკრაინაა 72 408 შემთხვევით (კოეფიციენტი 1629,39).

ასევე, ხუთი ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთში, პაკისტანში, ფილიპინებზე, იემენში, ბრაზილიაში, ნიგერიაში, ტაილანდსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ამ ქვეყნებში დაავადების გავრცელების კოეფიციენტი შედარებით დაბალია.

წითელას შემთხვევები მომატებულია მთელ მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წითელას გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.