სამართალი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ გახსნის ღონისძიებაზე აბიტურიენტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაივლიან. პროგრამის საპილოტე ვერსია სამთვიანია. აბიტურიენტები მომზადებას ინტენსიურ რეჟიმში გაივლიან, რის შემდეგაც ორ გამოცდას ჩააბარებენ და ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე სწავლას მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ. ამავე წლის სექტემბრიდან კი მომზადების სრული, ერთწლიანი კურსი შევა ძალაში.

მიმდინარე წელს პროგრამაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 70 მათგანი კურსს თსუ-ში გაივლის, 72 კი - შოთა მესხიას უნივერსიტეტში.

თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ვდგამთ კიდევ ერთ ძალიან კონკრეტულ და რეალურ ნაბიჯს უკეთესი მომავლისკენ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. თქვენ იცით, რომ სამშვიდობო გეგმით მთავრობის არაერთი ინიციატივაა გათვალისწინებული. დღეს უკვე ფუნქციონირებას იწყებს სკოლის შემდგომი მოსამზადებელი ცენტრი, რომელიც სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვისაა შექმნილი, რათა მათ გაუმარტივოს, ერთის მხრივ, იმ განათლების მიღება, რის მიღებასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ახერხებენ და მეორე მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება.

დღეს ჩვენ ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც ეროვნული გამოცდები გაევლოთ, რადგან ხშირად, გაუსაძლისი პირობების გამო, მათ უბრალოდ არ აქვთ მომზადების შესაძლებლობა. განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლა შეზღუდულია. ზოგ შემთხვევაში ეს რთულ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ესეც არაა იშვიათი. დღეიდან კი ჩვენ ამ ნაბიჯით მათ ძალიან ბევრ შეღავათს მივცემთ და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც ქმედითი, რეალური დახმარებაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელთათვის“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

საგანმანათლებლო პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ შემადგენელი ნაწილია და იგი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ამოქმედდა. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია. მოსამზადებელ ცენტრში სწავლისას ისინი სტიპენდიასაც მიიღებენ 150 ლარის ოდენობით.

ღონისძიებაზე აბიტურიენტებს აგრეთვე მიესალმნენ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი.