უცხოეთი
საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები დაგვიანებით გამოიძახეს

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები დაგვიანებით გამოიძახეს. ამის შესახებ საფრანგეთის ხელისუფლება იუწყება. მათივე ინფორმაციით, ტაძრის დაცვის სამსახურის წევრები დაახლოებით 20 წუთი თავად ცდილობდნენ ცეცხლის კერა ეპოვნათ.

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სახანძრო სიგნალიზაცია ტაძარში თავდაპირველად პარიზის დროით 18:20 საათზე ამოქმედდა, თუმცა ტაძრის უსაფრთხოების სამსახურმა თავად დაიწყო მოქალაქეების ევაკუაცია და ხანძრის კერის ძებნა. ტაძარში ცეცხლის გაჩენის შესახებ შეტყობინება სახანძრო სამსახურში 23 წუთის დაგვიანებით მიიღეს. ამ დროს ხანძარი უკვე მოედო ტაძრის სხვენს.

პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზად „უბედური შემთხვევა“ განიხილება. თუმცა, გამოძიება დიდხანს გაგრძელდება და რთული პროცესი იქნება. ფრანგული მედიის ცნობით, ცეცხლი ტაძარში ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო გაჩნდა.

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. დანგრეულია საათი და გუმბათის სვეტი.

1tv.ge