პოლიტიკა
კვიპროსის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს - ზურაბიშვილი

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან ნიკოს ანასტასიადისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ერთობლივი გამოცდილებაა საქართველოსა და კვიპროსისთვის, რომლებიც დამოუკიდებლობის გამყარებას ყველანაირად ცდილობენ.

სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს. ჩვენ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ. ეს არის ასევე ერთობლივი გამოცდილება ორი პატარა ქვეყნისთვის, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი დამოუკიდებლობა გაამყარონ.

მინდა, ასევე, მადლობა მოვახსენო კვიპროსის პრეზიდენტს იმისთვის, რომ კვიპროსი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენს საოკუპაციო ხაზზე. კვიპროსს სამი წარმომადგენელი ჰყავს ამ მისიაში და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ჩემთვის. ეს გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფო დამოუკიდებლობისადმი, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.