სამართალი
გიორგი გახარია: „2018 წელს ჩვენ დავკარგეთ 459 ადამიანი, 10 წლის განმავლობაში 6608 ადამიანი - უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი“

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი პროექტი წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ საგანგაშო სტატისტიკაზე ილაპარაკა.

საგანგაშო სტატისტიკა უნდა გავიმეოროთ, იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე. 2018 წელს ჩვენ დავკარგეთ 459 ადამიანი. 10 წლის განმავლობაში გზებზე ჩვენ დავკარგეთ 6608 ადამიანი და ყველაზე ტრაგიკული და სამწუხაროდ გუშინ, 15 აპრილს ჩვენ დავკარგეთ 3 ადამიანი და დაშავებული გვყავს 16. ჩვენთვის ეს ფაქტი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველა, თითოეული მოქალაქე უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ის ქმედებები, რომელსაც მივყავართ ამ ტრაგიკულ შემთხვევებამდე, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს ქმედებებს - ეს იქნება როგორც კამერების სისტემის მოწესრიგება, ასევე ქულების სისტემის შემდგომი განვითარება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ იქნება საკმარისი. ცალკე აღებული ვერცერთი უწყება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და სწორედ ამიტომ დავარღვიეთ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის, მეგობრის აღქმა და ესთეტიკა და ვეცადეთ, რომ სიმართლისთვის გაგვესწორებინა თვალი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.