რელიგია
მინსკში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე პირველად შესრულდა

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით, მინსკში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე პირველად შესრულდა. ღვთისმსახურება შეასრულა მამა მაქსიმემ, რომელმაც ქართველ მრევლს მხარდაჭერა აღუთქვა ტაძარში სამომავლოდ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვების შესრულებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და სათვისტომოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას ბელარუსში მცხოვრები ქართველების კიდევ უფრო მეტად გაერთიანების თვალსაზრისით.

წირვას ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.