აქტუალური
რუსეთში სტალინის პატივისცემამ მაქსიმუმს მიაღწია

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ისტორიაში სტალინის როლს დადებითად აფასებს ლევადა ცენტრის მიერ წელს მარტში გამოკითხულთა 70%.

ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი - 46% მთლიანად ან ნაწილობრივ ამართლებს სტალინურ რეპრესიებს.

მოსაზრებას, რომ სტალინის ეპოქაში საბჭოთა ხალხის მიერ გაღებული ადამიანური მსხვერპლი გაუმართლებელი იყო, იზიარებს გამოკითხულთა 45%. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 60% იყო.

ყოველი მეორე გამოკითხული აცხადებს, რომ სტალინით აღფრთოვანებულია, ან მის მიმართ აქვს პატივისცემა და სიმპათია. „ლევადა ცენტრის“ მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს სარეკორდო მაჩვენებელია.

მხოლოდ 14%-ს შეადგენენ ისინი, ვინც სტალინის მიმართ განიცდის ზიზღს, შიშს ან გაღიზიანებას.

„ლევადა-ცენტრის“ მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 19% ფიქრობს, რომ სტალინმა რუსეთის ისტორიაში უარყოფითი როლი შეასრულა.

სოციოლოგების განმარტებით, სტალინის და ისტორიაში მისი როლის მიმართ დადებითად არიან განწყობილი არა მხოლოდ კომუნისტური პარტიის მომხრეები, არამედ ისინიც, ვინც არჩევნებში ხმა მისცა ვლადიმ პუტინს ან ვლადიმ ჟირინოვსკის.

სტალინის მიმართ დადებითი განწყობა შეინიშნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.