აქტუალური
ცესკო-მ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება სამი სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.

კანონმდებლობითა და ზემოთ აღნიშნული განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომრები, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე ნომრები, დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებ კი წილისწყრით მიენიჭათ რიგითი ნომრები.

საქართველოს პარლამენტის N1 მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკს და ექვს საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

გარდა ამისა, რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული არის 18 პოლიტიკური პარტია და ექვსი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიასა და ცხრა საინიციატივო ჯგუფს.

საკრებულოს შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე არის 19 აპრილი“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

მიქელაძის განცხადებით, 19 მაისის არჩევნებზე რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 ადგილობრივ არასამთავრობოს, შვიდ მედიასაშუალებას და სამ საერთაშორისო ორგანიზაციას.

მონაწილე სუბიექტებისთვის მინიჭებული ნომრები:

1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;

2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

3 – „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“;

4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“;

5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“;

8 – „დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

9 – „თავისუფალი საქართველო“;

13 – „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები“;

17 – „საქართველო“;

18 – „ტრადიციონალისტები“;

21 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“;

23 – „ახალი ქრისტიან დემოკრატები“;

24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“;

27 – „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“;

28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლე“;

31 – „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“;

33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“;

35 – „გირჩი“;

38 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“;

39 – „ქრისტიან-კონსერვატორები“;

40 – „სახალხო პარტია“;

41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.